საგანმანათლებლო ბლოგი

пятница, 16 мая 2014 г.

იაკობ ცურტაველი

“წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი” პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ისიც შემთხვევით არის გადარჩენილი და X საუკუნის ხელნაწერით შემორჩენილი.  ავტორი ამ ნაწარმოებისა, მხოლოდ აღმწერი არ არის, დედოფლის მოძღვარია, დიდ როლს ასრულებს პიტიახშის ოჯახურ დრამაში, ამბავსაც პირველ პირში მოგვითხრობს და არც საკუთარი განცდების გადმოცემას ერიდება. ავტორის სახელსაც ტექსტიდან ვიგებთ. დამწყვდეული შუშანიკის სანახავად მისულ მოძღვარს ვიღაც ყრმა სახელით მოიკითხავს: იაკობ მანდა არს? რადგან მოქმედება დაბა ცურტავში ხდება, მას იაკობ ცურტაველს ან იაკობ ხუცესს უწოდებენ. 

“შუშანიკის წამებას” ტრადიციულად ჰაგიოგრაფიულ ჟანრს მიაკუთვნებენ, მაგრამ ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან გაცილებით მნიშვნელოვანი ძეგლი შექმნა. კორნელი კეკელიძის აზრით ეს ნაწარმოები არ ეტევა საეკლესიო მიზნით დაწერილი თხზულების ჩარჩოებში და ისტორიულ-ბელეტრისტული პროზაა. ისტორიკოსი ვახტანგ ჭელიძე სიმცირის მიუხედავად, მას რომანს უწოდებს, პავლე ინგოროყვა კი ბიოგრაფიულ-ისტორიულ მხატვრულ ლიტერატურად მოიხსენიებს. ისტორიკოსმა ნიკოლოზ ჯანაშიამ სხვა ქვეტექსტი ამოიკითხა: იაკობი ქვეყნის მოღალატე ვარსქენის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეა და ვახტანგ გორგასლის დავალებას ასრულებს. ამ ვარაუდს მრავალი ნიუანსი ადასტურებს. გაიგებს თუ არა ვარსქენის დაბრუნებისა და შუშანიკის ეკლესიაში გადასვლის ამბავს, იაკობი მიატოვებს აფოც ეპისკოპოსს და სირბილით წამოვა. შუშანიკთან მისი საუბრის პირველივე ფრაზები გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ დაგეგმილ მოქმედებას განიხილავენ: “ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ, დედოფალო” - გაახსენებს მოძღვარი. როდესაც შუშანიკის სიმტკიცეში დარწმუნდება, თითქოს მისი მოწამეობრივი გზა წინასწარ წარმოიდგინა, შენს ღვაწლს აღვწერო - დაჰპირდება.

თუმცა ვარსქენისგან აკრძალული აქვს, ხუცესი ახერხებს და ხშირად ნახულობს დედოფალს, ამხნევებს, უვლის, აჭმევს. პიტიახშმაც იცის ეს. როცა იაკობის მოძებნა უნდა, შუშანიკთან აგზავნის კაცს. ხუცესს ავალებს სამკაულების გამორთმევას. იაკობი ბოლომდე შეასრულებს სულიერი მამისა და თანამოაზრის მოვალეობას, დედოფლის მარტვილობას აღწერს და ვარსქენის ურჯულოებისა და ბოროტების ამბავს მთელ ქვეყანას გააგებინებს, ამით ხელს გაუხსნის ვახტანგ გორგასალს მოღალატე ერისთავი დასაჯოს. 

ისტორიულ წყაროში, კერძოდ 506 წლის დვინის კრების ჩანაწერებში, მოხსენიებულია ცურტავის ეპისკოსი იაკობი. “შუშანიკის წამების” ავტორი და იაკობ ეპისკოპოსი ერთი და იგივე ადამიანი უნდა იყოს.

იაკობ ხუცესის შესახებ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ თხზულებიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, დაკვირვებული, ღრმად რელიგიური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებაა. პირველი კონფლიქტიდან დაწყებული შუშანიკის აღსასრულამდე ქრონოლოგიურად მიჰყვება ამბავს, ემოციურად, სახიერად ხატავს გმირთა ხასიათს. წამებულისადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად მისი ადამიანური სისუსტის ასახვასაც არ ერიდება.

“შუშანიკის წამების” დაწერის თარიღიც მწერლის მინიშნებიდან დგინდება. თხრობა მთავრდება შუშანიკის გარდაცვალებითა და დაკრძალვით, ვარსქენი კი ჯერ ცოცხალია - ღმერთი მიაგებს სამაგიეროსო – ამბობს სიკვდილის წინ შუშანიკი. ე.ი. თხზულება დაწერილია შუშანიკის გარდაცვალებიდან ვარსქენის სიკვდილამდე. ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასალმა მოღალატე ვარსქენი 482 წელს მოაკვლევინა და სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებაც დაიწყო. ე.ი. “შუშანიკის წამება” დაწერილია 475 - 482 წლებს შორის.

ეს პირველი ლიტერატურული ძეგლი იძლევა უტყუარ საბუთს, რომ ის პირველი არ არის. თვითონ იაკობ ცურტაველს ჰქონდა სხვა ნაწარმოები, ანდა შემორჩენილს აკლია დასაწყისი, რადგან იაკობის ფრაზა: “და აწ დამკიცებულად გითხრათ” ნიშნავს - ახლა კი უკვე დაწვრილებით, ჭეშმარიტად გიამბობთ შუშანიკის წამების ამბავსო. და კიდევ, როდესაც ავტორი შუშანიკის რწმენაზე მოგვითხრობს, აღნიშნავს: “როგორც ვთქვი, ბავშვობიდან ღმერთის მოყვარული იყოო”. 

“შუშანიკის წამება” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე. პირველად გამოსცა მიხეილ საბინინმა 1882 წელს. ნათარგმნია რამდენიმე ენაზე.

იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 წლებში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი.

ცისფერყანწელები

ძმებო, ძმებო, სადა მყევხართ,
მეგობრებო, სად წახვედით?
შეკავებულ ქვითინში თრთის
ცრემლი თქვენზე დასაღვრელი!
გიორგი ლეონიძე

1914 წელს დაწყებულ ომში 34 ქვეყანა იყო ჩაბმული. საქართველოშიც რუხი, უღიმღამო სინამდვილე მეფობდა. ხალხიც ძირითადად სიკვდილსა და შიმშილზე ლაპარაკობდა. 1915 წლის იანვარში აკაკი გარდაიცვალა, ივლისში ვაჟა-ფშაველა და ქართული პოეზიაც თითქოს დაობლდა. 

გაზეთებში გამოქვეყნებული ცნობა, რომ 1916 წლის 28 თებერვალს ქუთაისში გამოვა ალმანახი „ცისფერი ყანწები“ ბევრისათვის არაფერს ნიშნავდა და ალბათ ვერც დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ გაიგეს რამე, თუმცა მთვლემარე საზოგადოება მაინც გამოფხიზლდა. ალმანახში გამოქვეყნდა  პაოლო იაშვილის „პირველთქმა“ და ტიციან ტაბიძის „ცისფერი ყანწებით“ - ახალი სიმბოლისტური ჯგუფის ერთგვარი მანიფესტი. ამ დეკლარაციაში ეწერა: „საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკრგულ ხალხს ვასწავლით გაწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისაკენ... ვცოცხლობთ სიმთვრალეში და გვწამს ყოველგვარი ორგია... ვადიდებთ დამსხვრევის მშვენიერებას... უარვყობთ წარსულს... ჩვენ გვსურს შევქმნათ გაუგებარი და საოცარი სიტყვები. ჩვენ გვსურს საქართველო გადაიქცეს უსაზღვრო მეოცნებე ქალაქად.“ 

იმ დროს „ცისფერი ორდენის“ წევრებიდან ტიციან ტაბიძე და კოლაუ ნადირაძე 20  წლისანი იყვნენ, პაოლო იაშვილი - 21-ის, ვალერიან გაფრინდაშვილი 26-ის, იდეურ ხელმძღვანელი და მენტორი, საჯარო ლექციებით უკვე ცნობილი, „მოდერნიზმის ქადაგი“ გრიგოლ რობაქიძე, ბევრად უფროსი, 33 წლის, მათ მხარს უჭერდა 45 წლის კიტა აბაშიძე. ორდენის წევრებმა სახელებიც გაიევროპულეს - ტიტე ტიციანად იქცა, პავლე - პაოლოდ, კოლა - კოლაუდ, ნიკოლოზი - ნიკოლოდ. თავდაპირველად გალაკტიონიც  მათ გვერდით იდგა, თუმცა მალევე ჩამოშორდათ. ამ ჯგუფს ეკუთვნოდნენ სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, ლელი ჯაფარიძე და ივანე ყიფიანი.

ეძებდნენ რაღაც განსხვავებულს, უცხოს, გამორჩეულს. ნაცრისფერ ყოფას ცისფერი დაუპირისპირეს და მთვრალი ქაოსით ტკბობის ფილოსოფია მოიტანეს. მათი ქცევა შავი ჭირის დროს შეშლილთა ნადიმს ჰგავდა. საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა, ჯერ გაოცებით, შემდეგ კი რისხვით შეხვდნენ ახალ ჯგუფს, მკრეხელობასა და პორნოგრაფიაში დასდეს ბრალი.

ცისფერყანწელებმა ყოველკვირეული გაზეთის გამოცემა ვეღარ მოახერხეს, ამიტომ ბოჰემური არტისტიზმი გახდა მათი ცხოვრებისა და შემოქმედების სტილი, თეატრებსა და კაფეებში საჯარო  გამოსვლებით მიიზიდეს ხალხი, მომხრეები გაიჩინეს. 

ქუთაისიდან თბილისში ცისფერყანწელთა  „დიდი გადმოსახლება“ 1918 წელს დაიწყო. წარმატებით ჩატარდა მათი პირველი  საღამო თბილისში, კონსერვატორიის დარბაზში. შემდეგ კი თბილისის ჩაიხანებს, „ფანტასტიკურ დუქანს“, კაფე „ქიმერიონს“, „თეთრ დუქანს“, შეითან ბაზარსა თუ გოლოვინის პროსპექტს არლეკინისა და პიეროს ტანსაცმლით მოევლინნენ. ორდენს შეემატნენ გოგლა ლეონიძე და ნიკოლო მიწიშვილი, მათთან მეგობრობდა მხატვარი ლადო გუდიაშვილი,  ცისფერყანწელთა პუბლიკაციებს აფორმებდა და  „ქიმერიონიც“ მოხატა. 

ახალი ქართული პოეზიის დამამკვიდრებელნი მალე მიხვდნენ, ტრადიციას ვერ მოსწყდებოდნენ, ამიტომ „ბოდლერის ბოროტი ყვავილები ბესიკის ბაღში გადარგეს“. ვერც სიმბოლიზმმა დაიტია  მათი ოცნება, ვნებასავით მოედოთ სამშობლოს სიყვარული, ტარიელის გახელებითა და ავთანდილის სილაღით აივსნენ. ღირსეული ადგილი მიუჩინეს მივიწყებულ ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძეს, გურამიშვილს, ფიროსმანს. 

თითქმის ათი წელი ქართულ პოეზიაში პირველობა ცისფერყანწელებს ეპყრათ, რამდენიმე ჟურნალსა და გაზეთს გამოსცემდნენ: პაოლო იაშვილი ხელმძღვანელობდა „ცისფერ ყანწებს“, ვალერიან გაფრინდაშვილი „მეოცნებე ნიამორებს“ (1919-24), ტიციანი გაზეთ „ბარრიკადს“ (1920-23), გოგლა ლეონიძე გაზეთ „ბახტრიონს“ (1922-23), ერთად რედაქტორობდნენ გაზეთ „რუბიკონს“ (1923). სანდრო ცირეკიძემ ქუთაისში დაარსა  გამომცემლობა „კირჩხიბი“ და  ჟურნალი „შვილდოსანი“. 

1924 წლის შემდეგ ცისფერი ორდენი თითქმის ფიქტიურადღა არსებობდა. ამ სისხლიანმა წელმა ჩააქრო მათი სილაღე, ბევრი ახლობელი შემოეცალათ, დახვრიტეს პაოლოს ერთადერთი, 20 წლის ძმა. ჯგუფის თვითლიკვიდაცია ოფიციალურად 1931 წელს ალი არსენიშვილის მიერ დაწერილი დადგენილებით გაცხადდა, მაგრამ ცისფერყანწელთა სახელი სიცოცხლის ბოლომდე შერჩათ.

ტიციანსა და პაოლოს სიამის ტყუპებს ეძახდნენ. თუმცა ერთ დღეს არ დაბადებულან, სიკვდილი ერთ ავბედით წელიწადს ერგოთ, 1937  წელს.
- მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარ! - თითქოს სხვათაშორის ეუბნებოდა 22 ივნისს მწერალთა კავშირში შეხვედრილ ნაცნობებს პაოლო იაშვილი. - ნამეტანი ხმაურობ, შვილოო! - აფრთხილებდა მამა და მართლაც, მეტად ხმაურიანად წავიდა. ჯოჯოხეთური ქუხილის ხმა ჰქონდა მის ორლულიან თოფ „ლეგო“, რომლითაც მწერალთა კავშირში თავი მოიკლა. მიზეზი არავის უკითხავს, მიზეზი ყველასთვის ცნობილი იყო - 37 წელი. 

„ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ“ - ტიციან ტაბიძემ ათი წლის წინ იწინასწარმეტყველა, 37-ში კი დაჭერას უცდიდა. საბაბი ბევრი ჰქონდათ, ყველაზე მეტად  პაოლოს საქციელის საჯაროდ დაგმობას სთხოვდნენ. მძიმე დეპრესიიდან უცებ გამოვიდა, შინ ხალისიანი დაბრუნდა, ქალიშვილს მოეფერა და უთხრა: ძალიან იამაყებ, რომ მამაშენმა თავი არ შეირცხვინაო. 30 ოქტომბერს დააპატიმრეს და უკვალოდ გაქრა. 

13 ივლისს დახვრიტეს ნიკოლო მიწიშვილი, თუმცა ცდილობდა, შუამავლის როლი ეთამაშა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ ინტელიგენციას შორის. მასაც აუხდა თხუთმეტი წლის წინათ ნაწინასწარმეტყველები: მე კიდევ გავძლებ თხუთმეტ წელს. 

გადარჩა ცისფერყანწელთა ნაბოლა წევრი, გოგლა ლეონიძე, ის ეხმიანებოდა ძმებს უხმო ქვითინით, უბის წიგნაკში ჩაწერილი სტრიონებით იხმობდა: 
„ჰეი, ტიციან! სად ხარ მდუმარი,
ჰეი, პაოლო, რად ხარ ულხინოთ?!“

პაოლო იაშვილი

ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. დაიბადა საჩხერის რაიონის სოფ, არგვეთში ცნობილი პროვიზორის მრავალშვილიან ოჯახში. 

1900 წელს მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც მასთან ერთად “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის თვალსაჩინო წარმომადგენლები _ ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძეც სწავლობდნენ. 1911 წელს გადავიდა ანაპის კერძო გიმნაზიაში. 

1913 წელს პაოლო პარიზში მიემგზავრება და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შედის. პარიზში გატარებულმა დრომ გადამწყვეტი როლი ითამაშა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს პაოლო ქუთაისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი რედაქტორობით გამოიცა ორი ჟურნალი: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”, რომლის ირგვლივ ახალგაზრდა სიმბოლისტი მწერლები გაერთიანდნენ (ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე და სხვ.). აქედან წარმოსდგა ამ ჯგუფის სახელიც _ “ცისფერყანწელები”.

ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა პაოლო ოსტატურად დაეუფლა თავისუფალ ლექსსაც. ნატიფი ბგერწერა, გაუცვეთავი პოეტური ტროპები, ზომიერად გამოყენებული ნეოლოგიზმები და დიალექტიზმები ამდიდრებდნენ მის პოეტურ პალიტრას. იაშვილს ეკუთვნის მოთხრობები “ფერადი ბუშტები” (1924), “სამი ტკივილი” (1925); ლიტერატურული წერილები, ა. პუშკინის, კ. ბალმონტის, შ. ბოდლერის, ო. უაილდისა და სხვათა თხზულებების თარგმანები. პაოლო იაშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მწერალთა კავშირის მესვეურნი ხშირად აკრიტიკებდნენ პოეტს “ხალხის მტრებთან” ახლო ურთიერთობისათვის, უმართავდნენ დისკუსიებს “იდეოლოგიური მავნებლობის” გამო. მის წინააღმდეგ აგორებულ საერთო ტალღაში ჩაერთნენ ძველი მეგობრები და ყოფილი თანამოაზრენიც. ისინი გმობდნენ “ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს.  მწერალთა კავშირში, რომლის მუშაობაშიც პაოლო დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობდა, ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი პოეტის “მოღალატეობრივ საქმიანობაზე” მსჯელობდა. პოეტმა ვერ გაუძლო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ასეთ ტალღას და 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სასახლეში, სწორედ იმ წუთებში, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისი განაჩენი გამოჰქონდა, საკუთარი სანადირო თოფით თავი მოიკლა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნიკოლოზ ბარათაშვილი

პოეტი რომანტიკოსი, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი ნიკოლოზ ბარათაშვილი, მაღალი არისტოკრატული წრის წარმომადგენელი იყო. მამამისი მელიტონი ცხრა წლის ასაკამდე რუსეთში ცხოვრობდა და შესანიშნავად ისწავლა რუსული ენა.  1837 წელს თარჯიმნობას უწევდა თბილისში სტუმრად მყოფ იმპერატორ – ნიკოლოზ პირველს. ერთი პერიოდი ხელმძღვანელობდა თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს. პოეტის დედა ეფემია ორბელიანი, ერეკლე  მეორის შთამომავალი და პოეტ გრიგოლ ორბელიანის და იყო. სწორედ დედამ, ეფემიამ ასწავლა ტატოს, ასე ეძახდნენ შინაურები ნიკოლოზს, წერა–კითხვა, შემდეგ კი კალოუბნის სასწავლებელში მიაბარა. 1827 წელს ბარათაშვილი კეთილშობილთა სასწავლებელში შეიყვანეს. პოეტის მეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი აღნიშნავს: „ნიკოლოზი სკოლაში კარგად სწავლობდა, უმეტესად განსხვავებული იყო ამხანაგებში თავისის მხიარულის ხასიათით, სიმარდით, პირველი მოტანცავე იყო, საკუთრად ლეკურისა, ყველასგან საყვარელი ამხანაგი.“ გიმნაზიაში  სწავლის დროს ტატოს ოჯახი სიდუხჭირეში ჩავარდა. ბარათაშვილი ერთადერთი იყო კლასში, რომელმაც სოლომონ დოდაშვილის  „ღრამატიკის“ სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო, რისთვისაც მისი საყვედური დაიმსახურა. მატერიალური გაჭირვება გამოწვეული იყო მელიტონის ხელგაშლილობით. ამას ისიც დაემატა, რომ ნიკოლოზი გიმნაზიის კიბეზე დაეცა და ორივე ფეხი მოიტეხა. ი. მთაწმინდელი აღნიშნავს, რომ ტატომ ძლივს მოირჩინა თავი და კოჭლად დარჩა მთელი სიცოცხლეო, თუმცა ამის გამო ტატოს არავინ დასცინოდა, აი, თავად კი უყვარდა სხვათა ქილიკი. ერთხელ, კეთილშობილთა სასწავლებელში მოსწავლეებმა საღამო გამართეს. საღამო სომხებმა სასაცილოდ აიგდეს. ტატომ ეს რომ შეიტყო, ჯავრის ამოსაყრელად, სატირა დაწერა. სატირა იმდენად მწვავე და კრიტიკული  იყო, რომ თბილისის ჟანდარმერია დიდხანს ეძებდა ავტორს. სასჯელიც მკაცრი იყო: აქაოდა შვილი გიმნაზიიდან არ გამომიგდონო, მამამ ისე სცემა ლამის სული ამოართვა პატარა ვოლტერს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, ბარათაშვილმა სამხედრო სამსახურში შესვლა დააპირა. მითუმეტეს, რომ სამხედრო ასპარეზზე იღწვოდა მისი სასიქადულო ბიძა გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ მშობლებმა თანხმობა არ მისცეს: „შვილო, კოჭლი ხარ  და თუ არ ინვალიდების კამანდაში შენ სამხედრო სამსახურში რად ივარგებო.“ მაშინ ოცი წლის ყმაწვილმა უნივერსიტეტში გაგზავნა ითხოვა, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო. ბარათაშვილი დამორჩილდა თავის ბედს და დარჩა ქალაქში.  მუშაობა დაიყო ჩინოვნიკად კავკასიის უზენაეს სასამართლოში. „დავრჩი ისევ ჩემს მამულში. განვწესდი სამსახურში და დავმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა, თუმცა ხანდახან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი ან ჩემი სურვილის აღსრულება?“, წერს იგი თავის ბიძას, გრიგოლ ორბელიანს და დასძენს, „გთხოვთ აქ დარჩენა სიზარმაცეში არ ჩამითვალოთ, ღმერთმა დამიფაროს! ... ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვჰქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას...!“     
                                                                                                       
ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ისინი, ვისაც შეეძლო რაიმე  მიეცა ბარათაშვილისთვის, რუსეთში მოღვაწეობდა. თბილისში კი, როგორც პოეტი გადმოგვცემს „ბევრი ჭორიანობა და ჭირიანობაა... დიდი დაძგერებებია ქალებისა, დიდი აყალ–მაყალი, დიდი ტირილი, დიდი ღამის–თევაები, დიდი წვეულებები ერთმანეთის ჯავრით.“ ბარათაშვილიც გადაეშვა ამ ბოჰემაში. ოჯახებში ხშირ–ხშირმა სიარულმა  იქამდე მიიყვანა,  რომ ხანდახან „შინ არ ბრძანდებიანსაც“ ეუბნებოდნენ, თუმცა ლხინი, ოხუნჯობა, არშიყი და რა თქმა უნდა სასიყვარულო თავგადასავლები, პოეტისთვის, რომელმაც ვერ განახორციელა თავისი ყმაწვილური ოცნებები ერთადერთი გამოსავალია: თუმცა  აქაც არ სწყალობს ბედი... ბარათაშვილის უიღბლო სასიყვარულო  ისტორიათა რიგს აგვირგვინებს პოეტის ნამდვილი, ძლიერი და მარადიული სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი, რომელიც ბარათაშვილისათვის გახდა დიდი შთაგონების წყარო. თეკლა ბატონიშვილის, პოეტის ახლო ნათესავის, წერილიდან ირკვევა, რომ ტატო საქორწილოდ ემზადებოდა,  იგი ალ. ჭავჭავაძის სიძე და ეკატერინეს მეუღლე უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბარათაშვილის განზრახვა ცოლის შერთვის შესახებ არ შესრულდა. ლექსში „გულით ნაქები“ განუხორციელებელი სიყვარულის მიზეზად იგი „ავ–ენიან“ ადამიანებს მიიჩნევს, ცნობილია, რომ ულამაზესი, ეკატერინე ჭავჭავაძე, 1835 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს წარმოსადეგ და გავლენიან თავადს დავით დადიანს. ღარიბ, კოჭლ და მეოცნებე პოეტზე ქორწინებას, რომელთანაც ეკატერინეს ბავშვური სიყვარული აკავშირებდა, მან სამეგრელოს დედოფლობა და ფუფუნებაში ცხოვრება ამჯობინა. ასე ამგვარად მიდიოდა პოეტის ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებდა ვერც მის სულიერ მისწრაფებებსა და ვერც პოეტურ ბუნებას. ერთ წერილში იგი პირდაპირ წერს თავის ბიძას გრიგოლ ორბელიანს: “საკურველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი შეიქნეს, არა აქვს ის შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად“ მაგრამ გრიგოლ ორბელიანმა, ინფანტერიის გენერალმა, დაღესტნის გმირმა მისთვის ვერ მოიცალა. „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა“ იტყოდა ხოლმე პოეტი, როცა საუბარი ჩვენი ქვეყნის ბედზე ჩამოვარდებოდა. ჩვენი უხეირობა იყო მიზეზი იმისაც, რომ ტატო, რომელიც მიუხედავად თავისი ცუღლუტი ხასიათისა, შესანიშნავად უძღვებოდა თავის საქმეს, ისე რომ  მისი სიბეჯითე სასამართლოში ჩატარებულმა კომისიამაც აღნიშნა, იძულებული გახდა სამსახური გამოეცვალა და თავისი მეგობრის, ლევან მელიქიშვილის მოადგილედ, ნახჭევანში წასულიყო. პოეტი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა თავისი ახალი სამსახურის გამო. მძიმე ბუნებრივ პირობებს, ემატებოდა უსარგებლო და ფუქსავატური ცხოვრება რასაც მოჰყვა  სავალალო შედეგი: ნიკოლოზმა კარტში 200 თუმანი წააგო და როგორც იონა მეუნარგია გადმოგვცემს „მელიქიშვილს, რომელმაც იცოდა მეგობრის ვნება, ეთქვა მისთვის: ტატო, ჩქარა  ქალაქს, თორემ მერე გზის ფულსაც ვერ იშოვიო, და ჩამოიყვანა ქალაქში.“ თბილისში  იგი ცდილობდა თელავში თანაშემწის ადგილზე მოწყობას. როგორც იქნა დანიშვნის საბუთი მიიღო, „ტროიკაც“ გამზადებული ჰქონდა წასასვლელად, მაგრამ ამ დროს მასთან მივიდა მამუკა ორბელიანი, რომელიც განჯაში მაზრის უფროსი იყო და მას თავის მოადგილედ წასვლა შესთავაზა. ტატო დათანხმდა მის წინადადებას მითუმეტეს, რომ მამამისი მელიტონი თავის დროზე სწორედ განჯის ჯერ პოლიცმეისტერი, ხოლო  შემდეგ მმართველი  იყო, თუმცა ნიკოლოზს სხვა ხვედრი ელოდა. იგი სადღაც მთაში ყაჩაღების დასაჭერად წასულა და იქ გაციებულა. ერთხანს თითქოს  განკურნებულა, მაგრამ  როგორც იონა მეუნარგია გადმოგვცემს „ხელახლა გამხდარა ავად, რადგანაც უდროო დროს ერთობ ბევრი ცივი ლუდი დაელია.“ თუმცა ზოგიერთი ვერსიით მას ამ მხარეში გავრცელებულმა მალარიამ, ბაირონის მსგავსად, მოუსწრაფა სიცოცხლე. ასეა თუ ისე 1845 წლის 3 ოქტომბერს პოეტი, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა თავის ტრაგიკულ აღსასრულს: 

„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის ,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის.“ სწორედ ასეთ ვითარებაში გარდაიცვალა. დაასაფლავეს იქვე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. 

პოეტის ხელახალი დაბადება ცარსკოე სელოში ილია ჭავჭავაძისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შეხვედრას უკავშირდება. პოეტის მუზამ ილიას ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული გადასცა. „ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსებმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით.“ იგონებდა ილიას დისწული კოხტა აბხაზი. 

1893 წელს გადაწყდა მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენება. „კუბო ხელიდან–ხელში გადადიოდა, არა თუ ყველა წოდების პირნი, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს გასვენებაში მონაწილეობა მიეღოთ.“  აღწერს პოეტის დასაფლავებას  პოლიციის დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი.  1938 წელს ბარათაშვილის ნეშტი საბჭოთა ხელისუფბამ  დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენა. სწორედ იმ ადგილას, სადაც უყვარდა განმარტოება პოეტის „ობილ სულს“, სადაც „ცვარნი ციურნი“ სტრიქონებად ეფინებოდნენ მის პოეტურ გენიას.

გრიგოლ ხანძთელი

გრიგოლი, წარჩინებული და მართლმორწმუნე დედ-მამის შვილი, ნერსე ერისთავის ოჯახში იზრდებოდა, რადგანაც ერისთავის ცოლის ძმისწული იყო და მამიდამ იშვილა. ყმაწვილს სწავლისადმი განსაკუთრებული გულმოდგინება გამოუჩენია. საღმრთო და ფილოსოფიური წიგნებიდან კეთილი შეუთვისებია, ხოლო „ჯერკუალი“ განუგდია. ასაკის მატებასთან ერთად სათნოებაც შეემატა, დიდი მჭერმეტყველი დადგა. 

ნერსე ერთ-ერთი დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო, ქართლის გაძლიერებისათვის მებრძოლი. გრიგოლიც კარგად ხედავდა არაბების მიერ დაპყრობილი ქვეყნის მდგომარეობას, იცოდა, რომ სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული და ერთის გაძლიერება მეორეს უშველიდა. ამ და სხვა მიზეზთა გამო 22 წლისამ მიატოვა ოჯახი და სამ თანამოაზრესთან ერთად სამხრეთ საქართველოში, ოპიზის მონასტერში წავიდა. იქ ორი წელი დაჰყვეს, მაგრამ მამა გრიგოლს მარტოობა ეწადა. ამ მიზნით ინახულა ხანძთა, ძალიან მოეწონა და თავისი ძმებითურთ იქ გადავიდა. მშენებლობა ძნელი აღმოჩნდა. ხანძთა კლდიანი ადგილი იყო, მათ კი ცული და წერაქვიც არ ჰქონდათ, შიშველი ხელებით მუშაობდნენ. პირველად ააშენეს ხის ეკლესია, პატარა სენაკები და სასადილო. 

გრიგოლი დარწმუნდა, რომ საერო პირთა დაუხმარებლად დიდ მშენებლობას ვერ წამოიწყებდა. ამ მიზნით გაიცნო აზნაური გაბრიელ დაფანჩული და მისგან ნივთიერი დახმარება მიიღო. შემდეგ მეფე აშოტმა იხმო თავისთან. სასახლეში მისულს კურაპალატი ფეხზე წამოუდგა, ერთმანეთი დიდი სიმდაბლით მოიკითხეს. გრიგოლმა დალოცა ბაგრატიონთა გვარი და უკუნისამდე მეფობა უსურვა. აშოტმა და მისმა შვილებმა - ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმა, უხვად გაიღეს ყველაფერი, რაც მონასტრისათვის იყო საჭირო, ადგილებიც და სამშენებლო მასალაც. სწორედ გრიგოლ ხანძთელი და აშოტ დიდი კურაპალატი გახდნენ ფიზიკურად დამარცხებული და სულიერად დათრგუნული მხარის აღორძინების მოთავენი და შეძლეს უდაბნო ქალაქად ექციათ. აშოტ კუროპალატის მიერ დაწყებულ გაერთიანებას ეკლესია მტკიცედ ედგა მხარში და მაგალითსაც აძლევდა - პოლიტიკურად დაქუცმაცებულ საქართველოს ერთი კათალიკოსი ჰყავდა. გრიგოლმა სწორად განჭვრიტა ქვეყნის მომავალი საჭიროება, წესის მცირე დარღვევას ყურადღება არ მიაქცია, და ქართული ეკლესიის კათალიკოსად გამოჩენილი ერისკაცის შვილი არსენი დაამტკიცა.

წმინდა მამას აშოტ ბაგრატიონი ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის შთამომავალად მიაჩნდა, ამიტომ თავს უფლება მისცა, კურაპალატის პირად ცხოვრებაშიც ჩარეულიყო. ხორციელი სიბილწე ააშორა, წაართვა სიძვის დიაცი და დედა ფებრონიას ჩააბარა. „გარდარეული სიყვარულის“ მიუხედავად მტერთან შეუპოვარი მეფე იძულებული გახდა ბერის ნებას დამორჩილებოდა. 
გრიგოლის სახელი გასცდა კლარჯეთს. ასევე დიდი სიხარულით, ფეხზე წამოდგომით შეხვდა მას დასავლეთ საქართველოს, აფხაზთა მეფე დემეტრე.

ხანძთის ძმობა თანდათან იზრდებოდა, ბევრს უნდოდა წმინდა მამასთან მოხვედრა, მაგრამ გრიგოლი უღირსს არავის იღებდა. ის უცხოეთშიც ეძებდა კავშირებს, ცდილობდა იქიდან რაიმე ახალი და ღირსეული შეეთვისებინა. მონასტრის წესების დასადგინად საბაწმინდის ლავრიდან ჩამოატანინა წესდება და ამის მიხედვით შეადგინა  ბრძნული და ცოდნით გასხივოსნებული კანონი. გრიგოლმა საბასთან ერთად მეორე იერუსალიმის ანუ კონსტანტინოპოლის წმინდა ადგილები ინახულა. რადგან მრავალი ენა იცოდა, არ გასჭრვებია იქ დაცულ წიგნებს გასცნობოდა. ტაოში დაბრუნებულმა გაიგო აშოტ კურაპალატის მოკვლის ამბავი გაიგო და ძლიერ დამწუხრდა, კურაპალატის შვილებთან მივიდა და ნუგეში სცა.

გრიგოლმა ყველა დღესასწაულის გამართვა იცოდა. რაც კი ოდესმე ესწავლა, ყველაფერი კარგად ახსოვდა, თანაც სასიამოვნო ხმა ჰქონდა და როდესაც ფსალმუნებს წარმოთქვამდა, ადამიანურ ბუნებას აღემატებოდა. ხანძთაში ინახებოდა სულიწმინდის კარნახით და გრიგოლის ხელით დაწერილი „საწელიწადო იადგარი, რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან“. 

გრიგოლის მოწაფეებიც ღირსეული მამები დადგნენ. არსენი 27 წელი იყო კათალიკოსად. ეფრემმა იერუსალიმის პატრიარქის ნებართვით ქართლში მირონის კურთხევის უფლება მოიპოვა. გრიგოლ ხანძთელის დაარსებულ მონასტერში შემუშავდა საქართველოს გაერთიანების იდეა: „ქართლად ფრიად ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“

გრიგოლის თაოსნობით ოთხი მონასტერი აშენდა კლარჯეთში: ხანძთა, შატბერდი, მერე, გუნათლე და ერთიც დასავლეთ საქართველოში - უბე. მისმა მოსწავლეებმა ააგეს და განაახლეს დაქვრივებული ეკლესიები: იშხანი, ნეძვი, კვირიკეთი, მიძნაძორი,  წყარისთავი, ჯმერკი და სხვა. ამ მონასტრებში შეიქმნა მძლავრი საეკლესიო, ლიტერატურული და   კულტურული კერა, გაიშალა რელიგიური, ფილოსოფიური და სახელმწიფოებრივი საქმიანობა.

მამებმა გრიგოლი მთელი კლარჯეთის არქიმანდრიტად დაადგინეს და გარდაცვალებამდე ის განაგებდა მამათა ცხოვრებას. 

გრიგოლი გარდაიცვალა 102 წლის, დაკრძალეს ხანძთაში. წმინდა მამის ცხოვრება და ღვაწლი აღწერა გიორგი მერჩულემ, მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ.

ნიკო ლორთქიფანიძე


       

მწერალი. ნიკო ლორთქიფანიძე დაწყებითი განათლების მისაღებად მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, მაგრამ საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა და ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, საიდანაც მოკლე ხანში იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1902 წელს ნიკო ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ლეობენის სამთო აკადემიაში ჩაირიცხა.

1907 წელს ისე, რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. მომდევნო წლებში ის გერმანულ ენას ასწავლიდა ქუთაისის გიმნაზიაში, ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, იყო რედაქტორი ჟურნალისა „ერი“, რომელიც ხელისუფლებამ ეროვნული პოზიციის გამო დახურა.

1925 წლიდან ნიკო თბილისში გადმოვიდა და პედაგოგიური მოღვაწეობა განაგრძო, პარალელურად ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობასაც. 1910-11 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“. 1917 წლიდან მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხისმგებელ მდივნად, მოგვიანებით კი -რედაქტორად.

ლიტერატურული მოღვაწეობა ნიკომ 1902 წლიდან დაიწყო; თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან. მან იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა მწერალმა. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრთა მრავალფეროვნებით. ლორთქიფანიძის კალამს ეკუთვნის რომანი „ბილიკებიდან ლიანდაგზე“, პიესები, ნოველები და მოთხრობები, მაგრამ მისი მხატვრული ოსტატობა სრულყოფილად გამოვლინდა მცირე ჟანრის ნაწარმოებებში. მწერალი უფაბულო მინიატურების ჭეშმარიტი დიდოსტატია, პოეტური პროზის ბრწყინვალე ნიმუშებია ლორთქიფანიძის ღრმა ლირიზმით გამსჭვალული ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის გულისტკივილი ისმის („საქართველო იყიდება“, „მოლოდინში“, „მრცხვენია“, „რეკა“ და სხვა).

ლორთქიფანიძის შედევრებად ითვლება ის სიუჟეტიანი ლირიულ–ეპიკური ნაწარმოებები, რომლებშიც მწერლის ყურადღების ცენტრშია ცხოვრების ბედ–უკუღმართობით დაჩაგრული უბრალო ადამიანი, პიროვნებები, რომლებიც „უძეგლოდ იკარგებიან“ („თავსაფრიანი დედაკაცი“, „ტრაგედია უგმიროდ“, „პატარა კაცი“, „მარად და მარად!“, „სენტიმენტალური ნახატები“).

ლორთქიფანიძის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ფეოდალური ხანის ამსახველ თხზულებებს („მრისხანე ბატონი“, „ჟამთა სიავე“, „რაინდები“, „ქედუხრელნი“), რომლებიც მთლიანად მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა ადექვატურად ასახავენ საქართველს წარსულს.
ნიკო ლორთქიფანიძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, საიდანაც 1954 წელს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძე



„პოეტის გული არ იფერფლება,
მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.“

პატარძეულია მისი „ლექსის სათავე, სულის გაზაფხული“. ამ სოფლის ტყისპირებში ია ბღუჯებად ამოდის, თითქოს მთელი ქვეყნის დედებს აქ უტირიათო. მამა, ნიკო ლეონიძე მასწავლებელი და მღვდელი, ორი წლისას გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედას, სოფიო გულისაშვილს, დააწვა მხრებზე. ობლებს ერთადერთი გზა ჰქონდათ, განათლება სახელმწიფო ხარჯით უნდა მიეღოთ. ასე სწავლობდნენ უფროსი ძმები, ლევანი და სიმონი. გიორგიც, რომელსაც გოგლას ეძახდნენ, სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით შეიყვანეს. სემინარიაში უმკაცრესი რეჟიმი იყო. მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგაც საკლასო ოთახებში უნდა მსხდარიყვნენ და იქ ემეცადინათ. მორიგე ზედამხედველის თვალის ასახვევად გოგლას მერხზე საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოები ეწყო,  უჯრაში  კი ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ,,ქართლის ცხოვრება“, ,,საქართველოს გეოგრაფია“, ,,ვისრამიანი“, ალექსანდრე ხახანაშვილის ,,ქართული სიტყვიერების ისტორია“. შავთელს, ჩახრუხაძეს, საბა-სულხანს, ,,გურამიან-დავითიანს“, შოთა რუსთაველს ხომ არ იშორებდა.

სემინარიაში გამორჩეულად საუკეთესო პედაგოგები ასწავლიდნენ, ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე. ერთხელ ბარნოვს დავალება ლექსად დაუწერა, მასწავლებელმა წაიკითხა და კლასში გამოაცხადა: ეს ხელოვანის დაწერილია, დარწმუნებული ვარ, მისგან კარგი პოეტი გამოვაო. მანვე გადაარჩინა გოგლა სასწავლებლიდან გარიცხვას. მასწავლებელი შიო შიუკაშვილი ძველ ხელნაწერებს აძლევდა გადასაწეად, კარგ წერას ისწავლიო, ნიკო სულხანიშვილი კი აღაგზნებდა:  საქართველოს ჰიმნი დამიწერე, ცარიზმისგან მალე გავთავისუფლდებითო.

„ვოცნებობდი გავმხდარიყავი მხატვარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მაგრამ 1909 წლის ერთ მზიან დღეს, კლასში მჯდომმა ლექსი დავწერე.“ - იგონებდა ლეონიძე. 11 წლისას გაზეთ „სინათლეში“ ლექსი „მცხეთა“ გამოუქვეყნეს. უფრო სახელიანმა გაზეთებმა „სინათლესაც“ დასცინეს და „პოეტსაც“, კარიკატურა  დაუბეჭდეს - ბავშვი რედაქტორს ლექსს და კაპიკიანს უწვდის. ამას არ შეუშინდა ჭაბუკი, პოეზიას ზურგი არ აქცია. 13 წლისამ ვაჟა-ფშაველას ლექსი უძღვნა და თავისავე ხელნაწერ ჟურნალ ,,ფანდურში“ გამოაქვეყნა. 51 წლის პოეტმა ლექსითვე უპასუხა და განაწამები სამშობლოს დარაჯობა მას გადააბარა. 

17 წლისა გაზეთ „სამშობლოს“ თანამშრომელი გახდა. საქართველოს ავტონომიისათვის ომახიანად იბრძოდა, პოეტური ლექსიკით, ექსპრესიითა და ემოციით წერდა პუბლიცისტურ წერილებსა და ინფორმაციებს. 1917 წლის მარტში, როდესაც ნიკოლოზ II გადადგა, სანდრო შანშიაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვათა სტატიების გვერდით გიორგი ლეონიძის წერილებიც იბეჭდებოდა: „ყინულის ჩაფხუტი დაადნა დიდებულს სარუსეთოს. ასხივდა გაზაფხული. ჩვენი გაზაფხულიც შორეულს საყინულეში ჰყავთ დამწყვდეული და ველით.“ 

თუმცა სიმბოლიზმისაგან შორს იყო, 1918 წელს თბილისში გადმოსულ „ცისფერყანწელებს“ დაუახლოვდა და ამ ორდენის ნაბოლარა წევრი გახდა. ,,ქიმერიონში“ გოგლასა და ეფემიას სახელდახელო ქორწილი ზღაპრულ ზეიმად იქცა. შვლები პირდაპირ სუფრიდან ჭამდნენ მწვანილს. ქეიფს ეშხს მატებდა საქართველოს ბულბული, ვანო სარაჯიშვილი. ჯვარი კი ნათხოვარი ბეჭდებით დაიწერეს და ისინიც მეეტლეს გაატანეს გირაოდ.

გიორგი ლეონიძე მრავალი საქმის წამომწყები იყო, მრავალ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა: 1931 წელს მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა  მუზეუმი. 1951-53 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1957-66-ში ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. 1939, 1950 და 1952 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1959-ში საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. ორჯერ დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1944 წლიდან  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი გახდა, 1945 - დან  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ეპიკური პოემები მიუძღვნა სამგორის არხის მშენებლობას, ახალი ქვეყნის მშრომელ ქალს - „ფორთოხალა“, სტალინს - „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“, დიდი სამამულო ომის გმირებს. 

ხელისუფლებისაგან დაფასებული და ახალი დროების მომღერალი, ნამდვილი სახალხო პოეტი და ქართლის ცხოვრების მოჭირნახულე იყო. თესავდა სამშობლოს, თავისუფლების, მშვენიერების, სიწმინდის სიყვარულს და ამას აჩვევდა, ამაში ამეცადინებდა უკან მომავლებს. სიტყვა ჰქონდა უნიკალური, გამორჩეული, ერთდროულად სიოსავით ნაზი და მეხივით მჭექარი. იყო ყველა სახალხო და ეროვნული დღესასწაულის მონაწილე, ორგანიზატორი და თამადა. უყვარდა ბოჰემა, იცოდა ლხინის ლაზათი და შნო,  მისი წესი და რიგი, ხაფი ხმით სადღეგრძელოს თქმა, სიტყვით განავარდება.  

ამავე დროს, დინჯად, თავაუღებლად მუშაობდა ძველ, გაფერმკრთალებულ ხელნაწერებზე. იკვლევდა სულხან-საბას, იოსებ თბილელის, გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ბარათაშვილის, ფიროსმანის შემოქმედებას, ადგენდა მათი ცხოვრების ნაბიჯებს. გარდაცვლილ მწერლებს იუბილეებს უხდიდა, მათ ნივთებს, ხელნაწერებს  ოჯახებში ეძებდა. ეხმიანებოდა საქართველოს ისტორიის ყველა გამარჯვებასა და დამარცხებას.

და რაც მთავარია, წერდა: „ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...“, „ოლე, ოლე, მარტოხეო...“, „ათას წელს გასძლებს შენი მშვენება...“ „ამოდის კოხტა ბიჭივით ცისკარი ახალ ჩოხაში...“ „ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე...“, „დახანძრებული წევს  ივერია“ და სხვა ათასს, რაც მკითხველში ჟრჟოლას იწვევს. ცოტას თუ ჰქონია ასეთი კაშკაშა მეტაფორა, რძიანი სიტყვა, მსუყე ფრაზა. თვითონვე ამბობდა - „სიტყვა გავხადე ვეფხვადა“. ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, ამიტომ თავიდან ლექსის ხმამაღლა კითხვას ერიდებოდა, შემდეგ გაბედა.

პოეტად დარჩა მოთხრობების წიგნში „ნატვრის ხე“. მარიტა, ფუფალა, ციციკორე, ჩორეხი და ჭამპურა ლურჯთვალა იებში იპოვა და სოფლის ყვავილებით მოქსოვა ამ წიგნის კაბადონები. 

გარეგნულად ჰგავდა დალხინებულ, ცხოვრებისგან გალაღებულ კაცს. ცოტამ თუ იცოდა, რა ტკივილი ტრიალებდა მის გულში: 37-მა შეიწირა მისი პოეტური ძმები ტიციანი და პაოლო - „ძმებო, ძმებო, სადა მყევხართ?“ და ღვიძლი ძმა ლევანი, რომელიც მოგვიანებით, 1944 წელს, შეფარვით გამოიტირა ლექსით „არ დაიდარდო, დედაო“ - „მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი“.

სინათლე, მზე უყვარდა. სიკვდილი სძულდა  - „ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ, მკვდარი არ ჩაგებარები“. 

სათქმელი ბევრი დარჩა: „ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი მელნად და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ სიყვარულს ჩემი ერისადმი“. - თქვა 60 წლის იუბილეზე. 

დიდხანს არ უავადმყოფია, 67 წლის გარდაიცვალა, მთაწმინდაზე დაკრძალეს.