აბო თბილელი
ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. აბო იყო 17-18 წლის ნელსაცხებელთა ოსტატი, ტომით არაბი, სარწმუნოებით მაჰმადიანი და ამ რელიგიაში განსწავლული. აბომ ბაღდადში გაიცნო ქართლის დატყვევებული ერისმთავარი ნერსე II და გათავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოჰყვა. აქ გაეცნო ქრისტიანობას და, რადგან ქართლს არაბები განაგებდნენ, მალულად მარხულობდა და ლოცულობდა. სარკინოზები ისევ შეპყრობით დაემუქრნენ ნერსეს და ისიც იძულებული გახდა, ხაზარეთში გადასულიყო. აბოც თან გაჰყვა და იქ მოინათლა. შემდეგ აფხაზეთის სამეფოს შეაფარეს თავი. იქ აბომ გულით გაიხარა, რადგან ირგვლივ ქრისტიანები ედგნენ და განცხადებულად ლოცულობდა.
ნერსე ისევ თბილისში დაბრუნდა. აბომ იცოდა, რომ აქ საშიშროება ელოდა, მაგრამ არ შეშინდა და ჩამოვიდა. თბილისშიც აღარავის ერიდებოდა და ქრისტიანულად ცხოვრობდა. სარკინოზებმა გაიგეს ეს ამბავი და ამირასთან დააბეზღეს. ამირა და სხვა არაბები ცდილობდნენ ჭაბუკი ძველ სარწმუნოებაზე დაებრუნებინათ, მაგრამ აბო ვერც შეაშინეს, ვერც ფულითა და ტკბილი სიტყვით მოისყიდეს.
საპყრობილეში დამწყვდეულმა და ბორკილდადებულმა სამი დღე ლოცვასა და ფსალმუნებაში გაატარა. 6 იანვარს, ნათლისღების დღეს მეტეხთან აბო თავის მოსაკვეთად გაიყვანეს და სამჯერ მოუღერეს მახვილი. მაგარამ ჭაბუკი ვერ გატეხეს, იგი მშვიდად შეხვდა სიკვდილს. ჯალათებმა მისი სხეული დაწვეს, შემდეგ კი ნარჩენები ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
არაბი ჭაბუკის თავდადებამ შეშინებული და შერყეული ერი გამოაფხიზლა, მძლავრთა შიში დათრგუნა და დიდი და პატარა იმ ადგილისაკენ დაიძრა, სადაც აბოს გვამი დაწვეს. ყველა დარწმუნდა, რომ აბო ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილი იყო.
ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა, მიჩნეულია თბილისის მფარველად. 21 (7) იანვარი დიდმოწმე აბო თბილელის ხსენების დღეა.
აბო თბილელის მარტვილობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანისძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий