საგანმანათლებლო ბლოგი

суббота, 31 мая 2014 г.

მეათე კლასის სტანდარტი

ქართულ ენა და ლიტერატურ

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მიმართულება
ზეპირმეტყველება
კითხვა
წერა
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 

ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია  ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.

ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.

ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ზეპირმეტყველება


ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·         საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
·         დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
·         სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).


ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თეზისის წამოყენებისას მიმართავს „თავდასხმის“ ტაქტიკას (პირდაპირ მიმართავს ადრესატს; უსვამს კითხვებს ოპონენტს);
·         ოპონირების დროს იყენებს „დიახ, მაგრამ...“; „ნაწილებად დაყოფის“ და „შეჯამების“ მეთოდებს (თავიდან თითქოს ეთანხმება მოწინააღმდეგეს, შემდეგ უარყოფს მის თეზისს: ნაწილ-ნაწილ განიხილავს მოწინააღმდეგის არგუმენტაციას; აჯამებს მოწინააღმდეგის პოზიციას და გადადის მის უარყოფაზე);
·         აკონტროლებს საკუთარ ხმას, მიმიკას და ჟესტიკულაციას;
·         არ არის ზედმეტად კატეგორიული;
·         განმუხტავს სიტუაციას ხუმრობით, იუმორით;
·         კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.  


ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·         მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).


ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
·         განმარტავს, რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი მოხსენების ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ მონაკვეთებად; დამაჯერებელი იყო თუ არა მომხსენებლის მსჯელობა, მოყვანილი მაგალითები, ფაქტები, ციტატები; იყო თუ არა მკვეთრად გამოყოფილი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა);
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად ეფექტური იყო მოხსენების დასკვნითი ნაწილი (რამდენად კარგად შეძლო მომხსენებელმა განმაზოგადებელი თეზისების ან მოხსენების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და რა ხერხები გამოიყენა მან ამისათვის).


ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·         ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, როგორებიცაა აზრის პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისათვის;
·         ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
·         აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.


მიმართულება:  კითხვა


ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს ტექსტის კომპოზიციას; აღნიშნავს, რას წარმოადგენს ტექსტი: დასრულებულ ნაწარმოებს, წინადადებას, პოეტურ სტროფს თუ პროზაულ ფრაგმენტს; აანალიზებს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს (სათაური, აბზაცი, სტროფი, ტაეპი);
·         მსჯელობს ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის...) დანიშნულებაზე;
·         აღნიშნავს, რომელ პირშია (I თუ III) თხრობა და მსჯელობს, რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
·         მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები და მათი საშუალებით ამოიცნობს მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას;
·         განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი / ირიბი ნათქვამით) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
·         განსაზღვრავს ტექსტში მონოლოგის, დიალოგის, პოლილოგის ფუნქციას;
·         განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;
·         ახასიათებს წინადადებათა გადაბმის სახეებს (ჯაჭვური, პარალელური);
·         განსაზღვრავს ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მწიგნობრულს; სამეცნიეროს, ოფიციალურ-საქმიანს, პუბლიცისტურს, მხატვრულს);
·         აღნიშნავს, ტექსტის ორგანიზების რა ხერხები (ალიტერაცია, პარალელიზმი, გრადაცია, ინვერსია, რეფრენი და სხვ.)  გამოიყენება ტექსტში და რა მიზნით.


ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                            

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
·         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
·         ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
·         აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან შეხედულებებს.


ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
·         აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
·         თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე;
·         მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი, მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
·         განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას;
·         შეაფასებს ლირიკულ ნაწარმოებს სუბიექტურ აღქმასა და/ან მხატვრული ფასეულობების გააზრებაზე დაყრდნობით;
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).


ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვა, შესწავლით კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის; 
·         იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;
·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.

მიმართულება: წერა


ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას (რისთვის წერს -თვითგამოხატვის, მკითხველის ინფორმირების, დარწმუნების თუ მხატვრული ნაწარმოების შექმნის მიზნით; ვინ არის მისი ნაწერის პოტენციური მკითხველი: მასწავლებელი, სხვა უფროსები, თანატოლები თუ მასზე უმცროსები);
·         ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
·         შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
·         შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული, გასაგებია თუ არა აუდიტორიისათვის, არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი მიზანსა და სათაურს).

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს იგავს მოცემული მორალური სენტენციის საილუსტრაციოდ;
·         მოცემული დასაწყისის მიხედვით აგრძელებს ნაწარმოებს (მოთხრობას, ნოველას, ზღაპარს, იგავს, ლექსს, პიესას) ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით;
·         აქვს ნაწარმოების დასასრულის საკუთარი ვერსია / ვერსიები;
·         წერს მოთხრობას მოცემული წინადადების მიხედვით (შიფრავს წინადადებაში ჩადებულ ფაქტობრივ და ქვეტექსტურ ინფორმაციას და აყალიბებს ლოგიკურად გამართული ტექსტის სახით);
·         ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
·         წერს პაროდიას რომელიმე ცნობილ ნაწარმოებზე;
·         გადმოაქვს წარსულ ეპოქებში შექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულა თანამედროვე ეპოქაში და თხზავს სიუჟეტს ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით (მაგ., „თანამედროვე მგზავრის წერილები“);
·         თხზავს პოეტურ ნაწარმოებს მოცემული სარითმო სიტყვების გამოყენებით.

ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს თემას;
·         მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს;
·         ადგენს რეფერატის გეგმას;
·         წერს რეფერატს შესაბამისი სტანდარტის დაცვით (ზუსტად პასუხობს თემას, მიზნობრივად იყენებს წყაროებს, აფორმებს შესაბამისად);
·         თუ რეფერატი ერთი სტატიის მიხედვით იწერება, იცავს შესაბამის სქემას: შესავალი (სტატიის დასახელება, სად და როდის გამოქვეყნდა; ცნობები ავტორის შესახებ; სტატიის თემა; ავტორის მიერ არჩეული კვლევის, არგუმენტაციის მეთოდი); სტატიაში გაშუქებული ძირითადი საკითხების, პრობლემების, დებულებების ჩამონათვალი; ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანთა ანალიზი; შეფასება.


ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იწერს დასაკონსპექტებელი ტექსტის  მონაცემებს (ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს);
·         დაკონსპექტებამდე შინაარსის კარგად გასააზრებლად  ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს;
·         ადგენს გეგმას - კონსპექტის საყრდენს;
·         დაკონსპექტების დროს ფურცელზე ტოვებს ვრცელ მინდვრებს შემდგომი დამატებების, შენიშვნების, უცნობი სიტყვებისა და ტერმინების ახსნა-განმარტებისათვის;
·         მიმართავს ტექსტის პარაფრაზირებას, ანუ წერს საკუთარი სიტყვებით (რაც ხელს უწყობს ინფორმაციის გააზრებას და, შესაბამისად, დამახსოვრებას).


ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;
·         წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს;
·         გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
·         მსჯელობს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
·         ურთავს კომენტარებს მისთვის ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს;
·         მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.


ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავს უყრის იდეებს (იყენებს იდეების გენერირების სხვადასხვა ტექნიკას: წყაროების კითხვას, „გონებრივ იერიშს“, ჟურნალისტურ კითხვებს და სხვ.);
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
·         ირჩევს და კრიტიკულად შეაფასებს წყაროებს. გამოყენების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებს მათ და იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირებას, პარაფრაზირებას, რეზიუმირებას;
·         კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს, ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;
·         ხმამაღლა უკითხავს ნაწერს თანაკლასელს (მასწავლებელს, მშობელს) და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ჩაასწორებს მას;
·         საბოლოო ვარიანტის რედაქტირების დროს გადაიკითხავს ნაწერს იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად ლოგიკურად და გამართულად არის გადმოცემული აზრი და ჩაანაცვლებს უკეთესი ვარიანტით / შეუცვლის ადგილს;
·         იცავს ციტირების წესებს (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს წყაროს: ავტორს, წიგნის/პუბლიკაციის დასახელებას, გამომცემლობას, გამოცემის ადგილსა და წელს, გვერდს/ებს).


პროგრამის შინაარსი


შედეგების მიღწევა შესაძლებელია მოცემული შინაარსის საფუძველზე:

1. ტექსტის ფუნქციური ანალიზი; ტექსტის სტილისტიკა
ტექსტის განსაზღვრება. ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება. ენა და მეტყველება. ტექსტი და მეტყველება. წინადადებათა აზრობრივი გადაბმის ტიპები: ჯაჭვური და პარალელური კავშირები. წინადადებათა შეკავშირების ხერხები მეტყველებაში: ლექსიკური განმეორება, ნაცვალსახელები, სინონიმური ლექსიკა.
ტექსტის ერთეულები: წინადადება, რთული სინტაქსური ერთეული (პროზაული სტროფი). პროზაული სტროფის კომპოზიცია (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული). ფრაგმენტი და მისი სახეები. თავი, როგორც  ტექსტის სტრუქტურული ნაწილი. აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული. აბზაცის ტიპები.
მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით: პირველი პირის მეტყველება, მისი თავისებურებანი მეტყველების ფუნქციური სტილების მიხედვით. მეორე პირის მეტყველება, მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება. მესამე პირის მეტყველება, მისი გამოყენება სხვადასხვა ფუნქციურ სტილში.
ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით: პირდაპირი ნათქვამი, ირიბი ნათქვამი, არასაკუთარი პირდაპირი ნათქვამი. მათი ფუნქცია, სტილისტური თავისებურებანი და გამოყენების სფეროები.
ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით: მონოლოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. მონოლოგის სახეები. დიალოგი, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი, გამოყენების სფეროები. პოლილოგი.
მეტყველების ფუნქციური ტიპები. აღწერა, მისი სტრუქტურული და სტილისტური თავისებურებანი. თხრობა და მისი სტილისტური ფუნქციები. მსჯელობა, მისი სტილისტური თავისებურება, დანიშნულება. მეტყველების ფუნქციური ტიპების შერევა მხატვრულ და პუბლიცისტურ თხზულებებში.
ტექსტების კლასიფიკაცია წინადადებათა შორის კავშირების მიხედვით. ტექსტები ჯაჭვური, პარალელური და შერეული კავშირებით.
ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია. სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური ტექსტები.
ინდივიდუალური სტილი. ზოგიერთი ინდივიდუალური სტილის დახასიათება (შერჩევით). აბზაცი და ინდივიდუალური სტილი.


2. მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
მხატვრული ნაწარმოებები უნდა შეირჩეს სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით. ვინაიდან აქცენტი კეთდება მხატვრული ნაწარმოების ზეპირ და წერილობით ანალიზზე, სასურველია გამოკვეთილი სტრუქტურის მქონე ტექსტების არჩევა, რათა შესაძლებელი იყოს მათი დეტალური ანალიზი. შესაძლებელია, სტანდარტში დასმული ამოცანების გათვალისწინებით, სავალდებულო პროგრამასთან ერთად, შეირჩეს სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურა თემატური, ჟანრობრივი ან რაიმე სხვა პრინციპის მიხედვით.

3. ტექსტის სახეები

სასაუბრო (დისკუსია, ზეპირი მოხსენება); სამეცნიერო (სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, რეფერატი); პუბლიცისტური (ესე, საგაზეთო სტატიები, სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტიკა; ბიოგრაფია) ტექსტები; მხატვრული ნაწარმოებები (ლექსი, მოთხრობა, ნოველა, პოემა).

 





Комментариев нет:

Отправить комментарий