გიორგი ლეონიძე
„პოეტის გული არ იფერფლება,
მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.“
პატარძეულია მისი „ლექსის სათავე, სულის გაზაფხული“. ამ სოფლის ტყისპირებში ია ბღუჯებად ამოდის, თითქოს მთელი ქვეყნის დედებს აქ უტირიათო. მამა, ნიკო ლეონიძე მასწავლებელი და მღვდელი, ორი წლისას გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედას, სოფიო გულისაშვილს, დააწვა მხრებზე. ობლებს ერთადერთი გზა ჰქონდათ, განათლება სახელმწიფო ხარჯით უნდა მიეღოთ. ასე სწავლობდნენ უფროსი ძმები, ლევანი და სიმონი. გიორგიც, რომელსაც გოგლას ეძახდნენ, სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით შეიყვანეს. სემინარიაში უმკაცრესი რეჟიმი იყო. მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგაც საკლასო ოთახებში უნდა მსხდარიყვნენ და იქ ემეცადინათ. მორიგე ზედამხედველის თვალის ასახვევად გოგლას მერხზე საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოები ეწყო, უჯრაში კი ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ,,ქართლის ცხოვრება“, ,,საქართველოს გეოგრაფია“, ,,ვისრამიანი“, ალექსანდრე ხახანაშვილის ,,ქართული სიტყვიერების ისტორია“. შავთელს, ჩახრუხაძეს, საბა-სულხანს, ,,გურამიან-დავითიანს“, შოთა რუსთაველს ხომ არ იშორებდა.
მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.“
პატარძეულია მისი „ლექსის სათავე, სულის გაზაფხული“. ამ სოფლის ტყისპირებში ია ბღუჯებად ამოდის, თითქოს მთელი ქვეყნის დედებს აქ უტირიათო. მამა, ნიკო ლეონიძე მასწავლებელი და მღვდელი, ორი წლისას გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედას, სოფიო გულისაშვილს, დააწვა მხრებზე. ობლებს ერთადერთი გზა ჰქონდათ, განათლება სახელმწიფო ხარჯით უნდა მიეღოთ. ასე სწავლობდნენ უფროსი ძმები, ლევანი და სიმონი. გიორგიც, რომელსაც გოგლას ეძახდნენ, სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში სახელმწიფო ხარჯით შეიყვანეს. სემინარიაში უმკაცრესი რეჟიმი იყო. მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგაც საკლასო ოთახებში უნდა მსხდარიყვნენ და იქ ემეცადინათ. მორიგე ზედამხედველის თვალის ასახვევად გოგლას მერხზე საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოები ეწყო, უჯრაში კი ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ,,ქართლის ცხოვრება“, ,,საქართველოს გეოგრაფია“, ,,ვისრამიანი“, ალექსანდრე ხახანაშვილის ,,ქართული სიტყვიერების ისტორია“. შავთელს, ჩახრუხაძეს, საბა-სულხანს, ,,გურამიან-დავითიანს“, შოთა რუსთაველს ხომ არ იშორებდა.
სემინარიაში გამორჩეულად საუკეთესო პედაგოგები ასწავლიდნენ, ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე. ერთხელ ბარნოვს დავალება ლექსად დაუწერა, მასწავლებელმა წაიკითხა და კლასში გამოაცხადა: ეს ხელოვანის დაწერილია, დარწმუნებული ვარ, მისგან კარგი პოეტი გამოვაო. მანვე გადაარჩინა გოგლა სასწავლებლიდან გარიცხვას. მასწავლებელი შიო შიუკაშვილი ძველ ხელნაწერებს აძლევდა გადასაწეად, კარგ წერას ისწავლიო, ნიკო სულხანიშვილი კი აღაგზნებდა: საქართველოს ჰიმნი დამიწერე, ცარიზმისგან მალე გავთავისუფლდებითო.
„ვოცნებობდი გავმხდარიყავი მხატვარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მაგრამ 1909 წლის ერთ მზიან დღეს, კლასში მჯდომმა ლექსი დავწერე.“ - იგონებდა ლეონიძე. 11 წლისას გაზეთ „სინათლეში“ ლექსი „მცხეთა“ გამოუქვეყნეს. უფრო სახელიანმა გაზეთებმა „სინათლესაც“ დასცინეს და „პოეტსაც“, კარიკატურა დაუბეჭდეს - ბავშვი რედაქტორს ლექსს და კაპიკიანს უწვდის. ამას არ შეუშინდა ჭაბუკი, პოეზიას ზურგი არ აქცია. 13 წლისამ ვაჟა-ფშაველას ლექსი უძღვნა და თავისავე ხელნაწერ ჟურნალ ,,ფანდურში“ გამოაქვეყნა. 51 წლის პოეტმა ლექსითვე უპასუხა და განაწამები სამშობლოს დარაჯობა მას გადააბარა.
17 წლისა გაზეთ „სამშობლოს“ თანამშრომელი გახდა. საქართველოს ავტონომიისათვის ომახიანად იბრძოდა, პოეტური ლექსიკით, ექსპრესიითა და ემოციით წერდა პუბლიცისტურ წერილებსა და ინფორმაციებს. 1917 წლის მარტში, როდესაც ნიკოლოზ II გადადგა, სანდრო შანშიაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვათა სტატიების გვერდით გიორგი ლეონიძის წერილებიც იბეჭდებოდა: „ყინულის ჩაფხუტი დაადნა დიდებულს სარუსეთოს. ასხივდა გაზაფხული. ჩვენი გაზაფხულიც შორეულს საყინულეში ჰყავთ დამწყვდეული და ველით.“
თუმცა სიმბოლიზმისაგან შორს იყო, 1918 წელს თბილისში გადმოსულ „ცისფერყანწელებს“ დაუახლოვდა და ამ ორდენის ნაბოლარა წევრი გახდა. ,,ქიმერიონში“ გოგლასა და ეფემიას სახელდახელო ქორწილი ზღაპრულ ზეიმად იქცა. შვლები პირდაპირ სუფრიდან ჭამდნენ მწვანილს. ქეიფს ეშხს მატებდა საქართველოს ბულბული, ვანო სარაჯიშვილი. ჯვარი კი ნათხოვარი ბეჭდებით დაიწერეს და ისინიც მეეტლეს გაატანეს გირაოდ.
გიორგი ლეონიძე მრავალი საქმის წამომწყები იყო, მრავალ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა: 1931 წელს მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი. 1951-53 წლებში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1957-66-ში ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. 1939, 1950 და 1952 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1959-ში საქართველოს სახალხო პოეტის წოდება. ორჯერ დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1944 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა, 1945 - დან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ეპიკური პოემები მიუძღვნა სამგორის არხის მშენებლობას, ახალი ქვეყნის მშრომელ ქალს - „ფორთოხალა“, სტალინს - „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“, დიდი სამამულო ომის გმირებს.
ხელისუფლებისაგან დაფასებული და ახალი დროების მომღერალი, ნამდვილი სახალხო პოეტი და ქართლის ცხოვრების მოჭირნახულე იყო. თესავდა სამშობლოს, თავისუფლების, მშვენიერების, სიწმინდის სიყვარულს და ამას აჩვევდა, ამაში ამეცადინებდა უკან მომავლებს. სიტყვა ჰქონდა უნიკალური, გამორჩეული, ერთდროულად სიოსავით ნაზი და მეხივით მჭექარი. იყო ყველა სახალხო და ეროვნული დღესასწაულის მონაწილე, ორგანიზატორი და თამადა. უყვარდა ბოჰემა, იცოდა ლხინის ლაზათი და შნო, მისი წესი და რიგი, ხაფი ხმით სადღეგრძელოს თქმა, სიტყვით განავარდება.
ამავე დროს, დინჯად, თავაუღებლად მუშაობდა ძველ, გაფერმკრთალებულ ხელნაწერებზე. იკვლევდა სულხან-საბას, იოსებ თბილელის, გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ბარათაშვილის, ფიროსმანის შემოქმედებას, ადგენდა მათი ცხოვრების ნაბიჯებს. გარდაცვლილ მწერლებს იუბილეებს უხდიდა, მათ ნივთებს, ხელნაწერებს ოჯახებში ეძებდა. ეხმიანებოდა საქართველოს ისტორიის ყველა გამარჯვებასა და დამარცხებას.
და რაც მთავარია, წერდა: „ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...“, „ოლე, ოლე, მარტოხეო...“, „ათას წელს გასძლებს შენი მშვენება...“ „ამოდის კოხტა ბიჭივით ცისკარი ახალ ჩოხაში...“ „ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე...“, „დახანძრებული წევს ივერია“ და სხვა ათასს, რაც მკითხველში ჟრჟოლას იწვევს. ცოტას თუ ჰქონია ასეთი კაშკაშა მეტაფორა, რძიანი სიტყვა, მსუყე ფრაზა. თვითონვე ამბობდა - „სიტყვა გავხადე ვეფხვადა“. ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, ამიტომ თავიდან ლექსის ხმამაღლა კითხვას ერიდებოდა, შემდეგ გაბედა.
პოეტად დარჩა მოთხრობების წიგნში „ნატვრის ხე“. მარიტა, ფუფალა, ციციკორე, ჩორეხი და ჭამპურა ლურჯთვალა იებში იპოვა და სოფლის ყვავილებით მოქსოვა ამ წიგნის კაბადონები.
გარეგნულად ჰგავდა დალხინებულ, ცხოვრებისგან გალაღებულ კაცს. ცოტამ თუ იცოდა, რა ტკივილი ტრიალებდა მის გულში: 37-მა შეიწირა მისი პოეტური ძმები ტიციანი და პაოლო - „ძმებო, ძმებო, სადა მყევხართ?“ და ღვიძლი ძმა ლევანი, რომელიც მოგვიანებით, 1944 წელს, შეფარვით გამოიტირა ლექსით „არ დაიდარდო, დედაო“ - „მე არ დამკარგავს სამშობლო, სულ ვეხსომები ლევანი“.
სინათლე, მზე უყვარდა. სიკვდილი სძულდა - „ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ, მკვდარი არ ჩაგებარები“.
სათქმელი ბევრი დარჩა: „ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი მელნად და იმაზე მეტი ასოები დავსხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ სიყვარულს ჩემი ერისადმი“. - თქვა 60 წლის იუბილეზე.
დიდხანს არ უავადმყოფია, 67 წლის გარდაიცვალა, მთაწმინდაზე დაკრძალეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий