საგანმანათლებლო ბლოგი

пятница, 16 мая 2014 г.

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი




დიმიტრი ყიფიანი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი მესვეური, 2007 წელს ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და უწოდა „წმინდა დიმიტრი სამშობლოსათვის წამებული“. 

დაიბადა 1814  წლის 14 აპრილს ქოჩო ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. ადრე დაობლდა და ნათესავებმა გაზარდეს. 8 წლის დიმიტრი უფროსმა ძმამ, ქაიხოსრომ, სემინარიაში შეიყვანა, ერთი წლის შემდეგ კი კეთილშობილთა სასწავლებელში გადაიყვანეს. აქ მან კარგი განათლება მიიღო. ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებს და რუსულ სამსახურში  მაღალი სამოხელეო კარიერაც ელოდა. ამისთვის მამის სახელიც კი გადაიკეთა და რაკი „ქოჩოკოვიჩი“ რუსულად ტკბილად არ ჟღერდა „ივანოვიჩი“ გახდა, მაგრამ შემდეგ თავისი თავადური წარმომავლობა ვერ დაამტკიცა, ამას დაემატა   1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობა და დიმიტრი ქ. ვოლოგდაში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო სამოხელეო სამსახური. თარგმნიდა, წერდა პუბლიცისტურ წერილებს, იღვწოდა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დაარსებისათვის. მალე ოჯახსაც მოეკიდა, ცოლად შეირთო ნინო ჭილაშვილი. ნინოს ოჯახი  რუსული მმართველობის მხარდამჭერი იყო.  თავად დიმიტრიც  ზოგჯერ ნანობდა ახლგაზრდობის შეცდომას – აჯანყებაში მონაწილეობას და გულწრფელად სჯეროდა, რომ ქართველობა რუსეთის ერთგული უნდა ყოფილიყო. ამ პათოსით ანთებული მოუწოდებდა  ქართველებს 1848  წლის რევოლუციაში მხარი დაეჭირათ რუსეთისათვის. დიმიტრი ყიფიანის ერთგულებით აღფრთოვანებული იყო თვით კავკასიის მეფისნაცვალი, გრაფი ვორონცოვი. დიმიტრის ერთგული ხასიათი გახდა საფუძველი იმისაც, რომ ეკატერინე  ჭავჭავაძე–დადიანმა სწორედ მას სთხოვა სამეგრელოს სამთავროს მეურვე გამხდარიყო. სამთავროს აწეწილი საქმეების მოგვარება დიმიტრის დაევალა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ვერაფერს გახდა, მამულის შემოსავალი არ იზრდებოდა. საქმეში უხეშად ერეოდა ქუთაისის გუბერნატორი, გენერალი კოლუბიაკინი. დიმიტრი გვიან მიხვდა, რომ რუსეთი გამიზნულად ცდილობდა  სამთავროს საქმეები უკან–უკან წასულიყო, რათა დაბნეულ  ეკატერინეს სამთავროს გაუქმებაზე თანხმობა ეთქვა. ყიფიანის შეუპოვრობა  ხელს უშლიდა რუსეთის გეგმებს, ამიტომ იგი პეტერბურგში გაიწვიეს.  გაუხარდა, იქ უკეთ დავამტკიცებ ჩემს სიმართლესო. მართლაც, დიმიტრი გაამართლეს, თუმცა ამისთვის უცნაურად „დააჯილდოვეს“- სამთავროს მეურვეობიდან გაათავისუფლეს. 

დიმიტრი  მეოცნებე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს იმ დროს, როცა ბატონყმობის გაუქმების კანონზე მუშაობს და მაშინაც,  როცა ისეთი ბანკის შექმნას ცდილობს, სადაც დამგირავებელს მამულს არამც და არამც არ გაუყიდიან. დიმიტრის უმტკიცებენ, არწმუნებენ, ეკამათებიან და იგი მარცხდება, მაგრამ მის მარცხს ერთი თვისება აქვს - ყოველთვის იწვევს თანაგრძნობას. იგი, კანონმორჩილი და შემსრულებელი, მაინცდამაინც არ უკვირდება, სინამდვილეში ვის ემსახურება. ცდილობს იყოს ქართველი პატრიოტიც და რუსი მოქალაქეც, მაგრამ ამ ორი სამსახურის შეთავსება შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქართულ ენას, საქართველოს ღირსებას. ამ დროს დიმიტრი დაუნდობელია და მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს  რუს მოხელეებს. იგი  არა მარტო სიტყვით იბრძვის, არამედ საქმითაც: აარსებს „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და  მისი პირველი თავმჯდომარეა. „არც ერთი ქართული დაწესებულება არ არის ჩვენში, რომ მეთაურობა ყიფიანს არ ეკუთვნოდეს: ბანკი, თეატრი, წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თუ სხვანი, სულ მისის ინიციატორობით არის დაწყებული“ – წერს მის შესახებ აკაკი წერეთელი. უამრავი დავიდარაბის მიუხედავად, დიმიტრი დარწმუნებულია, რომ პატიოსანი შრომა დაუფასდება და მშვიდი სიბერე ექნება, მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა.. 1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლემ იოსებ ლაღიაშვილმა  მოკლა  ამავე სასწავლებლის რექტორი პავლე ჩუდეცკი. ამ ამბით აღშფოთებულმა საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ, რომელიც უკიდურესი შოვინიზმით გამოირჩეოდა, დაწყევლა და შეაჩვენა იოსებ ლაღიაშვილი და მასთან ერთად, მთელი ქართველი ხალხი. ამ დროს დიმიტრი  ყიფიანი თავის მამულში, ქვიშხეთში ისვენებდა. ქართველთა დაწყევლის ამბავი რომ შეიტყო,  ხაშურიდან დეპეშა გამოუგზავნა ეგზარქოსს: „ხმები მოგაწერენ თქვენ, რომ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც მოწოდებული ხართ სამწყსოდ და რომელიც ამის გამო  მოელოდა თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და სათნოებას. თუ ეს  ყველაფერი მართალია, მეუფეო, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ  განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან“ – ასეთი რჩევა მისცა მან პავლეს. ცხადია, არც პავლე და არც ხელისუფლება არ აპატიებდა დიმიტრის ასეთ სითამამეს და მისი საქმე უშიშროებას გადასცეს. ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი, სამი ორდენით დაჯილდოებული, ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი დიმიტრი ყიფიანი ჯერ თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო შემდეგ სტავროპოლში გადაასახლეს.

გადასახლების წინ დიმიტრი  აკაკი წერეთელმა ნახა. „პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობით ვამთავრებ“ – უთქვამს აკაკისთვის და  სახეზე სევდა რომ შეუმჩნევია,   ღიმილით დაუმატებია:  „ნუ გშურს, ჩემთვის ეს დიდი წყალობაა! უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებ!... ქართველთაგან ციმბირში ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალიც მე ვიყო! მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვერ მოესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა“. ყიფიანს ციმბირში დიდხანს სიცოცხლე არ დასცალდა. 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით მასთან ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და  მოკლა. „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“– წერდა აკაკი და მასთან ერთად გლოვობდა მთელი საქართველო. დიმიტრი ყიფიანის ნეშტი თბილისში ჩამოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს. „განურჩევლად ყველას ეპყრობიან ასეთნაირად, თუ მხოლოდ ჩვენ, ქართველებსა?“ ამ შეკითხვას ხშირად სვამდა დიმიტრი და დასძენდა, „ჩვენ უფრო მომთმენნი ვართ და ბევრ სხვაზე უფრო მორჩილნი“. საგულისხმოა, რომ დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ მანიფესტაციაში გადაიზარდა, რომელიც იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომლითაც საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო....

Комментариев нет:

Отправить комментарий