საგანმანათლებლო ბლოგი

пятница, 16 мая 2014 г.

ალექსანდრე ყაზბეგი



                     

                                  1848 წლის 20 იანვარს დაიბადა ალექსანდრე ყაზბეგი

ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წლის 20 იანვარს. (ზოგიერთი მკვლევარი მისი დაბადების თარიღად 1847 ნოემბერს ასახელებს). ალექსანდრე ყაზბეგის წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. მწერლის პაპა – გაბრიელ ყაზბეგი სტეფანწმინდის მოურავი იყო. სწორედ მის პატივსაცემად დაურქმევიათ სტეფანწდისათვის ყაზბეგი. გაბრიელი პრორუსულად განწყობილი კაცი ყოფილა და რუსეთის წინაშე დამსახურებისათვის მისთვის გენერალ–მაიორობა და აზნაურობა უბოძებიათ. გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი ალექსანდრეს მამა, მიხეილ ყაზბეგმა დაიჭირა. მას ავი ბუნების ადამიანად იცნობდნენ და მოხევეებს დიდად არ ჰყვარებიათ.

ალექსანდრე ყაზბეგის დედა გახლდათ ესტატე თარხნიშვილის ქალი – ელისაბედი. მიხეილ ყაზბეგზე დაქორწინებამდე იგი გათხოვილი ყოფილა და პირველი ქმრისგან სამი ქალიშვილი ჰყოლია. ელისაბედი განათლებულ ქალად ითვლებოდა. ჰქონია საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, წერდა ლექსებს.

მიხეილი და ელისაბედი მდიდრულად ცხოვრების მოყვარულნი ყოფილან. მიხეილს თურმე მსახურთა და მცველთა მთელი არმია დაჰყვებოდა. "მისი სადმე წასვლა ერთი ორომტრიალი იყო" – იგონებდა ალ. ყაზბეგი.

მიხეილი მდიდარი მებატონე იყო. ერთადერთ ვაჟს მშობლები განცხრომასა და ფუფუნებაში ზრდიდნენ. პატარა სანდროს კი თავისი ტოლ–ამხანაგებისაკენ მიუწევდა გული. აღმზრდელთა შორის განსაკუთრებით უყვარდა გლეხის ქალი ნინო. მისი ზღაპრები, მონათხრობი ღრმად ჩარჩენია გულში. წერა–კითხვა პატარა ალექსანდრემ შინ შეისწავლა. მოგვიანებით იგი თბილისში ჩამოიყვანეს. ორი აღმზრდელი მიუჩინეს – ერთი ფრანგი და ერთიც რუსის ქალი. ბინაზეც დაუქირავეს მასწავლებელი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე მოიწვიეს. თორმეტი წლის ალექსანდრე უკვე საკმაოდ კარგად ფლობდა ფრანგულ და რუსულ ენებს. 1864 წელს სანდრო თბილისის გიმნაზიის მოწაფე გახდა. მანამდე კი იგი ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში სწავლობდა. მაგრამ 1865 წელს ყაზბეგის ოჯახმა თბილისში ჩასვლა ვეღარ მოახერხა და სანდრო გიმნაზიიდან გარიცხეს. ეს ამბავი მომავალმა მწერალმა მეტად განიცადა.

1866 წელს გარდაიცვალა მამა. ყაზბეგის ოჯახი ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდა. უზარმაზარი ტვირთი დააწვა მხრებზე 18 წლის ალექსანდრეს. მას კი სწავლის გაგრძელება სურდა. მამის გარდაცვალების შემდეგ სანდროს ერთი დუქანი დარჩა. იძულებული გახდა დახლში თავად ჩამდგარიყო, მაგრამ ზარალის მეტი ამ საქმიდან არაფერი უნახავს. ვაჭრობა შეწყვიტა და მტკიცედ გადაწყვიტა, რუსეთში გაეგრძელებინა სწავლა. 1867 წელს დედისაგან თანხმობა მიიღო გამგზავრებაზე და მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ რაკი გიმნაზიის ატესტატი არ გააჩნდა, უნივერსიტეტში შესვლის ნება არ ჰქონდა. ალექსანდრე ყაზბეგი პეტროვო–რაზუმოვსკის სამეურნეო აკადემიაში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად. მაგრამ ალექსანდრეს გული პეტერბურგისაკენ მიუწევდა, სამედიცინო აკადემიაში სურდა სწავლის გაგძელება. 1868 წელს გაემგზავრა კიდეც პეტერბურგს, მაგრამ ხელი მოეცარა.

მოსკოვში ყოფნისას ყაზბეგი ხელმოკლეობას განიცდიდა. ხშირად სწერდა დედას წერილს და სთხოვდა დახმარებას. შემორჩენილია ერთი ბარათი, დედისადმი გაგზავნილი, სადაც მისი სასიყვარულო ისტორიაა აღწერილი გრაფ ჩერნიშოვ–კრუგლიკოვის ასულთან. დედას ალექსანდრე ნიშნობისთვის საჭირო ნივთებს შესაძენად ფულს სთხოვს. დედამაც შეუსრულა თხოვნა, მაგრამ ეს ნიშნობა არ შემდგარა და ალექსანდრე ყაზბეგს ცოლი არ შეურთავს. რუსეთში ცხოვრების დროს დაწერა ყაზბეგმა "მოჩხუბარიძის თავგადასავალი", დაამთავრა მოთხრობა "თავის მახეში", თხზულება – "საქართველოს ბომონდი". რუსეთშივე თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან".

1870 წელს ვალებში ჩავარდნილი ალექსანდრე სამშობლოში დაბრუნდა. მან მისი ოჯახისა და ახლობლებისათვის მეტად მოულოდნელი და, შეიძლება ითქვას, თავზარდამცემი გადაწყვეტილება მიიღო: 1872 წელს უბრალო მეცხვარედ წავიდა ხევში. ამ ნაბიჯის და მეცხვარეობაში გატარებული პერიოდის შესახებ იგი ვრცლად და საინტერსოდ მოგვითხრობს "ნამწყემსარის მოგონებებში".

როგორც თავად ყაზბეგი აღნიშნავდა, ამ ხელობის შესწავლით მას სურდა, მოევლო მთა და ბარი, უფრო ახლოს გასცნობოდა ხალხის ცხოვრებას, გაეზიარებინა მისი ჭირი და ლხინი.

ყაზბეგის ამ ნაბიჯს დიდი აღშფოთება გამოუწვევია ოჯახის წევრებსა და ნათესავებში. "თითქმის მთელი ქართლის არისტოკრატია ამას თავის შეურაცხყოფად მიიჩნევდაო..." – წერდა ყაზბეგის თანამედროვე. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ყაზბეგს არ შეუცვლია გადაწყვეტილება და შვიდი წელი ცხვარში გაატარა. ამ პერიოდში იგი მჭიდროდ დაუახლოვდა უბრალო ხალხს. მეცხვარეთა შორის ბევრი მეგობარი გაიჩინა. ყაზბეგმა უარი თქვა მამამისის მიერ დაწესებულ ყველა გადასახადზე და ხევის მოსახლეობა ამ თვირთისაგან გაათავისუფლა.

1879 წელს ყაზბეგმა მეცხვარეობა მიატოვა და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად იგი გოლოვინის პროსპექტზე (ახლა რუსთაველის გამზირი) დასახლდა, იმავე შენობაში, სადაც განთავსებული იყო "დროების" რედაქცია. შემდეგ კი სასამართლოს ქუჩაზე გადავიდა. ხელმოკლეობა მისი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა "ელისო". 1881 წელს "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", ცოტა ხნის შემდეგ – "მამის მკვლელი", "ნამწყემსარის მოგონებანი"... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი უდიდესი აღტაცებით ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–შემოხლა. ალექსანდრე ყაზბეგის შესანიშნავი ნაწარმოებების უმრავლესობა რუსთა ბატონობის წინააღმდეგ ქართველი და კავკასიელი ხალხების ბრძოლას ეძღვნებოდა. მტერთაგან გათავისუფლებული სამშობლო ყაზბეგს სამოთხედ ესახებოდა. რუსების მეხოტბე დაქირავებულ კრიტიკოსთა უსაფუძვლო თავდასხმებიც ყაზბეგის ეროვნული სულისკვეთების წინააღმდეგი იყო მიმართული და ჩვენი დიდი ბელეტრისტის შემოქმედების განქიქებას ემსახურებოდა. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა–ფშაველამ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და ბევრმა სხვამ, ალექსანდრე ყაზბეგმაც გაიზიარა პატრიოტულად განწყობილი მწერლის მძიმე ხვედრი დაპყრობილ ქვეყანაში.

ალ. ყაზბეგი "დროების" რედაქციაში თავგამოდებით მუშაობდა. ღამეებს ტეხდა, სტატიებს ჩაჰკირკიტებდა. სერგეი მესხის გარდაცვალების შემდეგ კი ამ გაზეთს ჩამოშორდა. ახლა მისი ნაწერები უფრო ხშირად "ივერიასა" და გაზეთ "თეატრში" ქვეყნდებოდა. გაზეთი "თეატრი" აქვეყნებდა მის მიერ ხევში ჩაწერილ ხალხურ ქმნილებებსაც.

ალ. ყაზბეგი განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ქართული თეატრის მიმართ. აკაკი წერეთლის მიწვევით 80–იან წლებში იგი ქართული თეატარის დასის წევრი გახდა. მაყურებელი აღტაცებაში მოუყვანიამის მიერ შესრულებულ ცეკვას "ხანჯლური"... ხშირად იღებდა მონაწილეობას ქუთაისში, ბათუმში, გორში გამართულ თეატრალურ წარმოდგენებში. 1883 წელს გამოქვეყნდა მისი ",მოძღვარი". მომდევნო წლები კი თიქმის მთლიანად თეატრს მიუძღვნა.

გამუდმებულმა შრომამ, სიღატაკემ და შევიწროვებამ მალე გატეხა მწერლის ჯანმრთელობა. აკაკი წეთელი იხსენებდა, როგორ მიჰყიდა უსახსროდ დარჩენილმა ყაზბეგმა საგვარეულო სახარება "წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", როგორ გაჰყიდა დედის დანატოვარი ძვირფასი ქირმანშალი, სულ რაღაც 15 მანეთად. ნაწერი რვეულიც დაუგირავებია, ხშირად ბინის ქირის ფული არა ჰქონდა.

ასეთმა მდგომარეობამ, ბუნებრივია, იმოქმედა მწერლის ფსიქიკაზეც. ერთხანს იმკურნალა, თითქოს გამოჯანმრთელდა, მაგრამ 1891 წელს ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა. დავით კლდიაშვილის გადმოცემით, ავადმყოფი მწერლისთვის მიუტანიათ თავისი თხზულებების სრული კრებული. ალექსანდრეს ამოოხვრით დაუხედავს თავისი პორტრეტისათვის და შემდეგ წიგნი გადაუგდია.

ალექსანდრე ყაზბეგი გარდაიცვალა 1893 წლის 10 დეკემბერს, მიხაელოვის საავადმყოფოში, თავდაპირველად ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს, შემდეგ კი გადაასვენეს მშობლიურ ყაზბეგში. "სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?" – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.

ალექსანდრე ყაზბეგის სახელი ეწოდა საქართველოს ერთ–ერთ რაიონს. მის მშობლიურ სოფელში დაიდგა მწერლის ძეგლი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე ირაკლი ოჩიაური.

                                            











Комментариев нет:

Отправить комментарий