საგანმანათლებლო ბლოგი

пятница, 16 мая 2014 г.

ინტერნეტში მოძიებული საინტერესო და საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებელი ინფორმაციები.გაეცანით.

არ არსებობს ეპითეტი, რომელიც სტალინის დასახასიათებლად არ გამოეყენებინოთ. ღმერთკაციდან სატანამდე – ეს არის შეფასების არეალი, უცხოეთში, საბჭოთა კავშირში, საქართველოში. დღეისათვის ბელადის მეხოტბეთა თუ მაძაგებელთა ვნებათღელვა ასე თუ ისე დაცხრა. ქართველებმაც ადვილად დაივიწყეს სოსო ჯუღაშვილი, სამშობლოდან ნაყვავილარი სახე და ქართული აქცენტის სამუდამოდ რომ წაიყოლა.
„საოცარი ქართველი“ (ლენინმა უწოდა) გორში, ფარღალალა ქოხში, ლოთი მამისა და მოახლე დედის ოჯახში, წელიწადის ყველაზე მოკლე დღეს, 21 დეკემბერს, დაიბადა. სოსო ჯუღაშვილმა, სასულიერო სემინარიის 16 წლის მოსწავლემ, უსათაურო ლექსი  ყველაზე პოპულარულ გაზეთ, ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“, მიიტანა. ლექსი პირველივე გვერდზე დაბეჭდეს, ქვემოთ ი. ჯ-შვილი ჰქონდა მიწერილი.  მალე იაკობ გოგებაშვილმა ეს ლექსი „დედა ენაში“ შეიტანა და ათეული წლები ყველა ქართველი ზეპირად  სწავლობდა „დილას“. ფსევდონიმი სოსელო - სხვა ლექსებს მოაწერა, რამდენიმე თვის შემდეგ რომ დაბეჭდა. შემდეგ ლექსებისთვის აღარ ეცალა. კიდევ ერთი ფსევდონიმი ჰქონდა - კობა, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის გმირის ანალოგიით. ეს უკვე პარტიული სახელი იყო.
სემინარიიდან მარქსისტობის გამო გარიცხეს, როგორც დედისერთა სამხედრო ბეგარიდანაც გაათავისუფლეს და მთლიანად რევოლუციას მიუძღვნა თავი. 1902 წლის 9 მარტს ბათუმში გრანდიოზული დემონსტრაცია მოეწყო, ჯარმა სროლა აუტეხა, დაიღუპა 15 მუშა, დაიჭრა 50. ამ მიტინგის ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად ლავრენტი ბერიამ სტალინი დაასახელა.
1907 წლის 12 ივნისს ერევნის მოედანზე რევოლუციონერები ფოსტას დაესხნენ და 241 000 მანეთი გაიტაცეს. დაიღუპა 3, დაიჭრა 50 კაცი. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოლშევიკი კობა, გამტაცებელთა ჯგუფს სიმონ ტერ-პეტროსიანი, მეტსახელად კამო. იჭირდნენ, ასახლებდნენ, იპარებოდა, ისევ იჭერდნენ. მისი მოქმედების არეალი რუსეთი გახდა, საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი საკავშირო კონფერენციებში მონაწილეობდა, ლენინი გაიცნო, ტროცკი, სხვები. შემდეგ ყველა მოწინააღმდეგე ჩამოიცილა. ტროცკისთან განსაკუთრებული ბრძოლა დასჭირა, მაინც აჯობა. 30 წელი თითქმის ეთპიროვნულად განაგებდა საბჭოთა კავშირს. მთელი ძალ-ღონე რუსეთის უდიდესი იმპერის შექმნას შეალია და უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე რომანოვთა სამსაუკუნოვანმა დინასტიამ. ჩერჩილის სიტყვით - კავის რუსეთი ჩაიბარა და ატომური ბომბით აღჭურვილი დატოვა.
ბევრი რამ იყო მასში ისეთი, რაც ადამიანურ ძალას აღემატებოდა. საბჭოეთის ყველა ენაზე უძღვნიდნენ პოემებს, ლექსებს, სიმღერებს, ფილმებს. პირველად ლექსი 1926 წელს ტიციან ტაბიძემ უძღვნა. ხალხის ასეთი საყოველთაო სიყვარული ალბათ არ ღირსებია არათუ სახელმწიფო მოღვაწეს, მეფეს, ფარაონს. მიზეზი მხოლოდ სუვერენისადმი მორჩილება ანდა შიში არ ყოფილა. თვით უცხოელები, არაკომუნისტები, ლამის მტრები, მასთან შეხვედრის შემდეგ აზრს იცვლიდნენ. მისი განსაკუთრებულობა თვით ჩერჩილმა იგრძნო,  შეხვედრისას ფეხზე წამოდგომა მოუნდა.
თანამემამულეთა გული პირველად 1934 წელს, საბჭოთა მწერალთა I ყრილობაზე მოიგო. მალაქია ტოროშელიძეს, ქართველ მწერალთა თავმჯდომარეს, მოხსენება შეუმოწმა და გამოსვლა ეგნატე ნინოშვილიდან კი არ დააწყებინა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, არამედ ცურტაველიდან. ყრილობაზე ტოროშელიძემ ისიც განაცხადა, რუსთაველი უფრო დიდი მწერალია, ვიდრე პუშკინიო. რუსი მწერლები ამან დიდად აღაშფოთა, მაგრამ მომხსენებლის უკან ვინ იდგა, ყველამ იცოდა და ხმა არ ამოუღიათ.  ამ გამოსვლის შემდეგ ძველ მწერლობას ტაბუ აეხსანა და მასობრივად დაიწყო ქართული ლიტერატურის რუსულად თარგმნა.
ამის მიუხედავად, ბელადს მშობელი ხალხისადმი რაიმე ლოიალობა არასოდეს გამოუმჟღავნებია, არც რაიმე განსაცდელი აურიდებია თავიდან, პირიქით, „ნაციონალიზმისათვის“ ქართველებს უფრო მკაცრად სჯიდა, ვიდრე სხვა ერებს. ბერიას წყალობით 1924 და 1937 წლებში რეპრესიები განსაკუთრებული სისასტიკით ჩაატარა. მეორე მსოფლიო ომში 300 ათასი ქართველი დაიღუპა, იმდენივე, რამდენიც ამერიკელი. 1951 წლის 25 დეკემბერს მისი ბრძანებით აყარეს ომში ტყვედ ნამყოფები, ინტელიგენტები, ვისაც ნათესავები ჰყავდა უცხოეთში, და შუა აზიაში გადაასახლეს. ეს ახალი რეპრესია მხოლოდ საქართველოში ჩატარდა. ვაჟა-ფშაველას შემოსწყრა და კანდიდ ჩარკვიანს პარტიულ კრებაზე გააკრიტიკებინა 36 წლის წინ გარდაცლილი მწერალი.
თუმცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ომის დამთავრების შემდეგ, ნოსტალგია ეძალებდა და ქართველებთან შეხვედრისას საოცარი სიმძაფრით ავლენდა ეროვნულ ფესვებთან კავშირს: დავით აღმაშენებელი მიაჩნდა ყველაზე დიდ ქართველად, საქართველოს რუსეთთან შეერთება შედარებით ნაკლებ ბოროტებად. ქუთაისის ციხეში ნასწავლ „ხელხვავს“ ღიღინებდა, ზუსტად იხსენებდა, საქართველოს რომელ კუთხეში რა ღვინო მოდის და რა თვისებები აქვს. დავალებას იძლეოდა, საქართველო თავისი პურით უნდა გამოიკვებოსო. იალტაში ვისკის მოყვარული ჩერჩილსათვის ჭაჭა ჩაატანინა. რუსთაველს დიდი იუბილე გადაუხადა, „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ თარგმანს ურედაქტორა და ორიოდე სტროფი თარგმნა კიდეც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად. მივიწყებულ ილია ჭავჭავაძეს კუთვნილი ადგილი დაუბრუნა. ერთხელაც, ნატა ვაჩნაძესა და თამარ ციციშვილის შუაში მოხვდა და იხუმრა: ძლივს არ მეღირსა თავადის ქალებში ჯდომაო. ვაჩნაძეს სახელიც გაუსწორა: ნატოა ქართული და არა ნატაო. ვერ იტანდა, როცა რომელიმე ქართველი უცხოეთის ბუნებას აქებდა: საქართველოს მთების პატრონი, კარპატებმა როგორ უნდა გააკვირვოსო.
არც ის იყო დამალული, რომ ისტორიული მიწების, ტაო-კლარჯეთის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობდა, ომის დაწყებას აპირებდა. საამისოდ აანთო ქართველი ისტორიკოსები, ლიტერატორები, პოეტები. არმია კი მას ემორჩილებოდა.
მსოფლიოს ერთი მეექვსედის ერთპიროვნული მმართველი ნამდვილი პროლეტარი იყო. პირადად მას არასოდეს არანაირი ქონება არა ჰქონია. ის ქოხიც კი გორში, სადაც დაიბადა, ნაქირავები იყო. არ მჯდარა სკამზე, რომელსაც ნომრიანი ჟეტონი არ ჰქონდა მიკრული.
რუსეთის მთელი მოსახლეობა ადგილიდან დაიძრა, რათა სტალინის ცხედარს გამოთხოვებოდა. არავინ ელოდა ასეთ მასობრივ ფსიქოზს. მოსკოვს გარშემო სამხედრო კორდონი შემოავლეს. დაკრძალეს 9 მარტს, ორშაბათს,  მავზოლეუმში, ლენინის გვერდით. მეორე დღეს ზღვა ყვავილებიდან ერთი ღერიც კი აღარ დატოვეს, ყველაფერი მოასუფთავეს. აშკარა იყო, ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა.
სამი წლის შემდეგ, სსრკ XX ყრილობაზე ქვეყნის ახალმა პატრონმა ნიკიტა ხრუშჩოვმა „ღმერთკაცს“, რომელსაც ლამის მთელი მსოფლიო უმღეროდა, შარავანდედი მოხადა და მკვდარი პატრონი უვიც და ჩერჩეტ ადამიანად გამოაცხადა. თანაც, სტალინისა და ბერიას ტირანიზმი ქართველობით ახსნა და ერისადმი შეურაცხმყოფელი გამოთქმები არ დაიშურა.
სტალინზე ბევრი რამ ითქვა, ღმერთკაცადაც შერაცხეს და სატანადაც, აქეს და აგინეს, თაყვანი სცეს და დაამხეს. ზოგისთვის უპირველესი და ყველაზე ცნობილი ქართველია, ზოგი ქართველთა „სიიდან“  ამოშლას მოითხოვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий