
ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ისინი, ვისაც შეეძლო რაიმე მიეცა ბარათაშვილისთვის, რუსეთში მოღვაწეობდა. თბილისში კი, როგორც პოეტი გადმოგვცემს „ბევრი ჭორიანობა და ჭირიანობაა... დიდი დაძგერებებია ქალებისა, დიდი აყალ–მაყალი, დიდი ტირილი, დიდი ღამის–თევაები, დიდი წვეულებები ერთმანეთის ჯავრით.“ ბარათაშვილიც გადაეშვა ამ ბოჰემაში. ოჯახებში ხშირ–ხშირმა სიარულმა იქამდე მიიყვანა, რომ ხანდახან „შინ არ ბრძანდებიანსაც“ ეუბნებოდნენ, თუმცა ლხინი, ოხუნჯობა, არშიყი და რა თქმა უნდა სასიყვარულო თავგადასავლები, პოეტისთვის, რომელმაც ვერ განახორციელა თავისი ყმაწვილური ოცნებები ერთადერთი გამოსავალია: თუმცა აქაც არ სწყალობს ბედი... ბარათაშვილის უიღბლო სასიყვარულო ისტორიათა რიგს აგვირგვინებს პოეტის ნამდვილი, ძლიერი და მარადიული სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი, რომელიც ბარათაშვილისათვის გახდა დიდი შთაგონების წყარო. თეკლა ბატონიშვილის, პოეტის ახლო ნათესავის, წერილიდან ირკვევა, რომ ტატო საქორწილოდ ემზადებოდა, იგი ალ. ჭავჭავაძის სიძე და ეკატერინეს მეუღლე უნდა გამხდარიყო, მაგრამ ბარათაშვილის განზრახვა ცოლის შერთვის შესახებ არ შესრულდა. ლექსში „გულით ნაქები“ განუხორციელებელი სიყვარულის მიზეზად იგი „ავ–ენიან“ ადამიანებს მიიჩნევს, ცნობილია, რომ ულამაზესი, ეკატერინე ჭავჭავაძე, 1835 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს წარმოსადეგ და გავლენიან თავადს დავით დადიანს. ღარიბ, კოჭლ და მეოცნებე პოეტზე ქორწინებას, რომელთანაც ეკატერინეს ბავშვური სიყვარული აკავშირებდა, მან სამეგრელოს დედოფლობა და ფუფუნებაში ცხოვრება ამჯობინა. ასე ამგვარად მიდიოდა პოეტის ცხოვრება და რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებდა ვერც მის სულიერ მისწრაფებებსა და ვერც პოეტურ ბუნებას. ერთ წერილში იგი პირდაპირ წერს თავის ბიძას გრიგოლ ორბელიანს: “საკურველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი შეიქნეს, არა აქვს ის შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად“ მაგრამ გრიგოლ ორბელიანმა, ინფანტერიის გენერალმა, დაღესტნის გმირმა მისთვის ვერ მოიცალა. „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა“ იტყოდა ხოლმე პოეტი, როცა საუბარი ჩვენი ქვეყნის ბედზე ჩამოვარდებოდა. ჩვენი უხეირობა იყო მიზეზი იმისაც, რომ ტატო, რომელიც მიუხედავად თავისი ცუღლუტი ხასიათისა, შესანიშნავად უძღვებოდა თავის საქმეს, ისე რომ მისი სიბეჯითე სასამართლოში ჩატარებულმა კომისიამაც აღნიშნა, იძულებული გახდა სამსახური გამოეცვალა და თავისი მეგობრის, ლევან მელიქიშვილის მოადგილედ, ნახჭევანში წასულიყო. პოეტი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა თავისი ახალი სამსახურის გამო. მძიმე ბუნებრივ პირობებს, ემატებოდა უსარგებლო და ფუქსავატური ცხოვრება რასაც მოჰყვა სავალალო შედეგი: ნიკოლოზმა კარტში 200 თუმანი წააგო და როგორც იონა მეუნარგია გადმოგვცემს „მელიქიშვილს, რომელმაც იცოდა მეგობრის ვნება, ეთქვა მისთვის: ტატო, ჩქარა ქალაქს, თორემ მერე გზის ფულსაც ვერ იშოვიო, და ჩამოიყვანა ქალაქში.“ თბილისში იგი ცდილობდა თელავში თანაშემწის ადგილზე მოწყობას. როგორც იქნა დანიშვნის საბუთი მიიღო, „ტროიკაც“ გამზადებული ჰქონდა წასასვლელად, მაგრამ ამ დროს მასთან მივიდა მამუკა ორბელიანი, რომელიც განჯაში მაზრის უფროსი იყო და მას თავის მოადგილედ წასვლა შესთავაზა. ტატო დათანხმდა მის წინადადებას მითუმეტეს, რომ მამამისი მელიტონი თავის დროზე სწორედ განჯის ჯერ პოლიცმეისტერი, ხოლო შემდეგ მმართველი იყო, თუმცა ნიკოლოზს სხვა ხვედრი ელოდა. იგი სადღაც მთაში ყაჩაღების დასაჭერად წასულა და იქ გაციებულა. ერთხანს თითქოს განკურნებულა, მაგრამ როგორც იონა მეუნარგია გადმოგვცემს „ხელახლა გამხდარა ავად, რადგანაც უდროო დროს ერთობ ბევრი ცივი ლუდი დაელია.“ თუმცა ზოგიერთი ვერსიით მას ამ მხარეში გავრცელებულმა მალარიამ, ბაირონის მსგავსად, მოუსწრაფა სიცოცხლე. ასეა თუ ისე 1845 წლის 3 ოქტომბერს პოეტი, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა თავის ტრაგიკულ აღსასრულს:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის ,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის.“ სწორედ ასეთ ვითარებაში გარდაიცვალა. დაასაფლავეს იქვე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში.
პოეტის ხელახალი დაბადება ცარსკოე სელოში ილია ჭავჭავაძისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შეხვედრას უკავშირდება. პოეტის მუზამ ილიას ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული გადასცა. „ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსებმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით.“ იგონებდა ილიას დისწული კოხტა აბხაზი.
1893 წელს გადაწყდა მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენება. „კუბო ხელიდან–ხელში გადადიოდა, არა თუ ყველა წოდების პირნი, არამედ ქალებიც კი ცდილობდნენ როგორმე რამდენიმე ნაბიჯზე კუბოს გასვენებაში მონაწილეობა მიეღოთ.“ აღწერს პოეტის დასაფლავებას პოლიციის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი. 1938 წელს ბარათაშვილის ნეშტი საბჭოთა ხელისუფბამ დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენა. სწორედ იმ ადგილას, სადაც უყვარდა განმარტოება პოეტის „ობილ სულს“, სადაც „ცვარნი ციურნი“ სტრიქონებად ეფინებოდნენ მის პოეტურ გენიას.
Комментариев нет:
Отправить комментарий